აშშ-ის გენპროკურორის  მოადგილე როდ როზენშტეინი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის გენპროკურორის მოადგილე როდ როზენშტეინი თანამდებობას ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენშტეინი თანამდებობას ტოვებს. მან დონალდ ტრამპს 2019 წლის 11 მაისიდან თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით უკვე მიმართა.

როდ როზენშტეინი სენატმა გენერალური პროკურორის მოადგილედ 2017 წლის 25 აპრილს დაამტკიცა. როზენშტეინი სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებას მეთვალყურეობდა, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის კრემლთან შესაძლო კავშირებს ეხებოდა.

მიულერის მიერ ორწლიანი გამოძიების შედეგად გამოქვეყნებული ანგარიშის საფუძველზე, აშშ-ის იუსტიციის მდივანმა, უილიამ ბარმა, რომელიც ასევე გენერალური პროკურორია და მისმა მოადგილემ, როდ როზენშტეინმა დაასკვნეს, რომ დონალდ ტრამპს გამოძიების დამაბრკოლებელი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩაუდენია, თუმცა ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება.

როზენშტეინი თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში გეგმავდა, მას შემდეგ, რაც უილიამ ბარი აშშ-ის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. თუმცა მოგვიანებით მან რობერტ მიულერის გამოძიების დასრულებამდე პოსტზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მოსალოდნელია, როდ როზენშტეინს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ჯეფრი როზენი შეცვლის.