არჩილ თალაკვაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის საქმეზე დამნაშავეები გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავეები გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ.
ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძემ ტატუნაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაკარგი როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
„საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, 28 დღის დაგვიანებით მოხერხდა ცხედრის გადმოსვენება. ექსპერტიზა ჩატარდა, ამ ფაქტს საფუძვლიანად აუცილებლად გამოვიძიებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დამნაშავეები გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ. ეს ძალიან მძიმე ფაქტია. საქართველო მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ბრძოლას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და მავთულხლართებით, ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდეს“, – აღნიშნავს თალაკვაძე.
დეპუტატი ყურადღებას რეზოლუციის პროექტზეც ამახვილებს, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღოს.
„პირველი მოთხოვნა იყო, რომ ცხედარი ოჯახს გადმოცემოდა, რაც მოხერხდა. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას ვითხოვთ, მათ შორის საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების დაშვება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უნდა მოხდეს, რომელიც რუსეთს დღემდე შეუსრულებელი აქვს. რეზოლუციით, მომხდარზე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება“, – აღნიშნავს დეპუტატი.
შეკითხვაზე – რამდენად არსებობს ტატუნაშვილის საქმეზე დამნაშავის დასჯის შესაძლებლობა, თალაკვაძე პასუხობს, რომ გამოძიების შედეგად, მაქსიმალურად უნდა მოხდეს მტკიცებულებების მოპოვება და მოწმეების დაკითხვა.
„ჩვენმა საგამოძიებო ორგანოებმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე გამოძიება ჩაატარეს, სასამართლომ კონკრეტული პირის ბრალეულობა დაადგინა და მკვლელი პასუხისგებაშია მიცემული. მის მიმართ წითელი ცირკულარით დაწყებულია საერთაშორისო ძებნა და ეს ადამიანი იმ ტერიტორიას ვერ დატოვებს, სადაც დანაშაული მოხდა. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც შესაძლოა ბრალდებული ან მსჯავრდებული იყვნენ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მტკიცებულებები იყოს მაქსიმალურად მოპოვებული, მოწმეები დაკითხული და ყველა იმ დარღვევის დოკუმენტირება მოხდეს, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს ადგილი. საერთაშორისო ფორმატებში, სადაც საქართველო მონაწილეობს, რუსეთის ფედერაციას რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულ კონტროლს ახორციელებს, რა თქმა უნდა, პასუხების გაცემა მოუწევს”, – დასძინა თალაკვაძემ.
პარლამენტის სხდომა, რომელზეც ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია უნდა მიიღონ, წუთიერი დუმილით დაიწყო.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გუშინ გადმოასვენეს.