არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ცხედარს ექსპერტიზა შვიდ საათზე მეტ ხანს უტარდებოდა. პროცესს სამხარაულის ექსპერტების გარდა, ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო.

ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 20 მარტს ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.