დეკანოზი შალვა კეკელია – არჩილ ტატუნაშვილი არის ადამიანი, რომელმაც სამშობლოსთვის თავი გაწირა
ერთადერთი ნუგეში, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის ის არის, რომ არჩილი არის ადამიანი, რომელმაც სამშობლოსთვის თავი გაწირა, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ წილკანში განაცხადა, სადაც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გადაასვენეს.
„თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმეა ეს დღე და როცა უყურებ მშობლებს, რა დღეში არიან ისინი, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდათ, ალბათ, გაცნობიერებული, სანამ შვილის ცხედარს არ ნახავდნენ. ყველამ ჩავაყენოთ თავი ამ მდგომარეობაში, ღმერთმა დაიფაროს ყველა, რამდენად მტკივნეულია, რამდენად მწარეა ეს ყველაფერი.
მეც როგორც სასულიერო პირი, შეძრული ვარ ამ ყველაფრით და ეს ორმეტრიანი ბიჭი, ვაჟკაცი ადამიანი, შვილი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრებაა ყველაფერი გააკეთე, დღეს აღარ გყავს. ერთადერთი ნუგეში, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის ის არის, რომ არჩილი არის ადამიანი, რომელმაც სამშობლოსთვის თავი გასწირა, ალბათ, ყველამ ნახეთ ლექსი, რომელსაც ის გულით ატარებდა. ეს მხოლოდ ლექსი არ არის, ის ამით ცხოვრობდა.
მამას ვესაუბრე, როდესაც გამოკვლევები ტარდებოდა მის ცხედარზე და ამბობდა, რომ არ არსებობდა ადამიანი, რომლის გვერდითაც არ დამდგარიყოო, როცა გაიგებდა ვინმეს პრობლემა ჰქონდა, მაშინვე მასთან გარბოდაო. ყველა მხარე იყო და, ალბათ, ღმერთმა თითოეული ჩვენგანისთვის შეიწირა ეს ადამიანი“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.