არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოასვენეს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოასვენეს.

ცხედრის გადმოცემა ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.

ერგნეთში იმყოფებიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მისი მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო საშუალებები წერენ, ცხედართან ერთად მათ არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებაც გადასცეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ჯერ თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.