ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, ექსპერტიზას, რომელიც შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ცხედრის ვერც გარეგან და ვერც შინაგან დაზიანებაზე ვერ ისაუბრებს.

ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე გამოასვენეს და მას წილკანში გადაასვენებენ.

სამხარაულის ბიუროსთან შეკრებილები იყვნენ რიგითი მოქალაქეები და სასულიერო პირები.

ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 20 მარტს ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.