არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

წილკანში შეკრებილები იყვნენ რიგითი მოქალაქეები, გარდაცვლილის თანასოფლელები, ასევე სასულიერო პირები, რომლებიც ტატუნაშვილის სულის მოსახსენებელ პარაკლისს გადაიხდიან.

ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა შვიდ საათზე მეტ ხანს უტარდებოდა. პროცესს სამხარაულის ექსპერტების გარდა, ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო.

ადგილზე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ცხედრის ვერც გარეგან და ვერც შინაგან დაზიანებაზე ვერ ისაუბრებს.

ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 20 მარტს ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.