სოზარ სუბარი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზას ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო
სოზარ სუბარი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზას ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო

ექსპერტიზას სამხარაულის ბიუროს ექსპერტის გარდა, ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც ესწრებოდა, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ცხედრის ვერც გარეგან და ვერც შინაგან დაზიანებაზე ვერ ისაუბრებს.

„საგამოძიებო სამუშაოები, რომელიც მოიცავდა როგორც ექსპერტიზას, ასევე სხვა ტიპის სამუშაოებს, ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ცხედარს სახლში მალე გადაასვენებენ. ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იყო. ბუნებრივია, არის ბევრი ისეთი რამ, რაზეც, ცხადია, ვერ ვილაპარაკებ, თუმცა როცა გამოძიება საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის, მაშინ გაამჟღავნებენ ნებისმიერ დეტალს.

ექსპერტიზას, გარდა სამხარაულის ექსპერტებისა, ესწრებოდა კერძო ექსპერტი, რომელიც ოჯახის მიერ არის დაქირავებული და მასაც, ბუნებრივია, გამოძიებასთან შეთანხმებით, შესაძლებლობა ექნება, ილაპარაკოს. ამ ეტაპზე, ვერც გარეგან და ვერც შინაგან დაზიანებაზე ვერ ვილაპარაკებ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. 

ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე გამოასვენეს და მას წილკანში გადაასვენებენ.

ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 20 მარტს ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.