სოზარ სუბარი - გამოძიება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ყველა მიზეზი და გარემოება არ დადგინდება
სოზარ სუბარი - გამოძიება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ყველა მიზეზი და გარემოება არ დადგინდება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაქ ჩაუტარდება, შემდეგ ცხედარს ოჯახში გადაასვენებენ, თუმცა გამოძიება გაგრძელდება, ვიდრე არ დადგინდება სიკვდილის მიზეზი და ყველა გარემოება, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად დე-ფაქტო მთავრობამ გარკვეული დოკუმენტაციაც გადასცა ქართულ მხარეს, თუმცა რა წერია ამ დოკუმენტებში სუბარისთვის ჯერ უცნობია.

დე-ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ შსს-სა და სუს-ის წარმომადგენლები, თუმცა, ცხადია, ამის მიღმა, მთელი ამ დროის განმავლობაში, იყო მოლაპარაკებები უფრო მაღალ, პოლიტიკურ დონეზე, უზარმაზარი სამუშაო იქნა გაწეული და სწორედ ამის შედეგი არის გადმოსვენება.

თავისთავად, როცა ვამბობთ, რომ უზარმაზარი სამუშაო იქნა გაწეული, თემა არის ისეთი, რომ როცა მიცვალებულის გამოყენება ხდება რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არაჯანსაღი ვითარებაა, ალბათ, დიდი ხანია შეგუებულები ვართ, თუ შეჩვეულები ვართ, რომ ასეთ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება ბოლო 25 თუ 27 წლის განმავლობაში, ოკუპაციის ვითარებაში.

მთლიანობაში, ამ ეტაპზე მოხდა ცხედრის გადმოსვენება, ისევე როგორც მისი ნივთების გადმოტანა. ამაღამ სამხარაულში მისი ცხედრის პირველადი დათვალიერება მოხდება, ჩატარდება ექსპერტიზა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ოჯახში მალე მოხდეს მისი გადასვენება, თუმცა გამოძიება გაგრძელდება, ვიდრე არ დადგინდება სიკვდილის ყველა გარემოება და მიზეზი.

დე ფაქტო მთავრობამ გარკვეული დოკუმენტაცია გადმოგვცა, მაგრამ რა წერია, რამდენად სანდოა, რა ნაწილში შეიძლება ნდობა და რა ნაწილში არ შეიძლება, ცხადია, ამაზე ლაპარაკი ჯერ ზედმეტია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი.

სუბარის თქმით, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია გაავრცელა, მათი განცხადებიდან ცალსახად ჩანდა, რომ გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოასვენეს.

ცხედრის გადმოცემა ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.

ერგნეთში იმყოფებიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მისი მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო საშუალებები წერენ, ცხედართან ერთად მათ არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებაც გადასცეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ჯერ თბილისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.