საქართველოში საფრანგეთის ელჩი - ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ქვეყნისა და ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი
საქართველოში საფრანგეთის ელჩი - ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ქვეყნისა და ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ქვეყნისა და ოჯახისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მხრიდან ეს დაგვიანებული ნაბიჯია.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნისა და ოჯახისთვის, რომელიც, ბოლოსდაბოლოს, შეძლებს, შვილი დაიტიროს, თუმცა ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიცია ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პრესრელიზის მეშვეობით გამოვხატეთ და გამოვთქვით სურვილი, რომ დროულად მოჰფენოდა ნათელი იმ გარემოებებს, რა გარემოებებშიც მოხდა მისი გაუჩინარება და გარდაცვალება ცხინვალში. ასევე, მოვუწოდეთ და სურვილი გამოვთქვით, რომ დე ფაქტო მმართველებს დროულად გადმოეცათ მისი ცხედარი. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნისა და ოჯახისთვის, რომელიც, ბოლოსდაბოლოს, შეძლებს, შვილი დაიტიროს, თუმცა ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან დღეს გადმოასვენეს. ცხედრის გადმოცემა ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.