შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების შესახებ განცხადებას ავრცელებს 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების შესახებ განცხადებას ავრცელებს 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს ინფორმაციით, აუცილებლად მოხდება არჩილ ტატუნაშვილის საქმის სათანადო გამოძიება.

უწყების ცნობით, ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, წილკანში.

„დღეს საღამოს, წითელი ჯვრის მეშვეობით გადმოგვეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, წილკანში.

ჩვენი ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა, ჩვენი პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ ამ საკითხზე და ყველა შესაძლო მექანიზმი იქნა ამოქმედებული. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში და გვინდა განვაცხადოთ, რომ აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება.

ამ მძიმე წუთებში კი, მნიშვნელოვანია ოჯახს და ახლობლებს მიეცეთ მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების საშუალება, ხოლო სახელმწიფოს და საზოგადოებას – ღირსეული პატივი მივაგოთ მას“, – აცხადებენ სამინისტროში.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან რამდენიმე წუთის წინ გადმოასვენეს.