არჩილ თალაკვაძე - მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა
არჩილ თალაკვაძე - მთავარი პრობლემა ის არის, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა

საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაბრუნებოდა, მაგრამ ცხედრის გადმოსვენება ვერ გადაფარავს იმ მთავარ საკითხს, უმძიმეს დარღვევას, რაც ჩვენი მოქალაქის მიმართ განხორციელდა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება 28 დღის დაგვიანებით მოხერხდა. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ცხედარი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნა გადმოსვენებული. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რაც გამოძიებისთვის აუცილებელია. მთავარი საკითხი და პრობლემა ისაა, რომ ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გადასცეს თუ არა ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგები, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული დოკუმენტაცია გადმოეცათ, მაგრამ ის ამ მასალებს არ გასცნობია, რადგან ეს გამოძიების ამოცანაა.

„ცხედარს ექსპერტიზა აუცილებლად ჩაუტარდება, რათა დადგინდეს ობიექტური გარემოებები, რა იყო გარდაცვალების რეალური მიზეზი“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.