ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დაიწყო
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დაიწყო

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიასვენეს.

ადგილზე იმყოფებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც მას ოჯახში, წილკანში გადაასვენებენ.

ადგილზე იმყოფება არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი. ასევე, ექპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან ტატუნაშვილის ახლობლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან დღეს გადმოასვენეს. ცხედრის გადმოცემა ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი