არასამთავრობოები - პრეზიდენტს მოვუწოდებთ, მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს
21 არასამთავრობო ორგანიზაცია პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით ჩაბუქისა და მისი ოჯახის უფლებები მეტად იქნება გარანტირებული და დაცული საქართველოს ტერიტორიაზე.
„ქართული საზოგადოება თითქმის ნახევარი წელია დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის პედაგოგისა და მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ უსამართლობასა და მისი ოჯახის ტრაგედიას ადევნებს თვალს.
ქართველმა სამართალდამცავებმა მ.ე. ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ოჯახის წევრები, მათზე განხორციელებული მუქარის გამო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო. 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ საჩივარი, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხიც. ექსტრადაციის შემთხევაში დიდია რისკი იმისა, რომ ჩაბუქი დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლოა წამების მსხვერპლი გახდეს.
სამწუხაროდ, ჩაბუქის მიმართ განხორციელებული ქმედებები დემირელის სკოლის სხვა მასწავლებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არაპირდაპირი გზავნილია და ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ საქართველოს ტერიტორიაზე.
დემირელის კოლეჯი და შავი ზღვის უნივერსიტეტი ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის ნაწილია, რომელიც საქართველოში 24 წელია ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს (დღემდე 30 000 მოსწავლემ და სტუდენტმა დაამთავრა ეს სასწავლებლები, ბევრმა მათგანმა არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოუტანა საქართველოს წარმატება) მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური პედაგოგების მეშვეობით. მათი ნაწილი საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის უკვე გახდა საქართველოს მოქალაქე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, გამონაკლისის წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე დემირელის კოლეჯისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის პედაგოგებს, რომელთაც საქართველოს წინაშე მართლაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება და სურვილი გახდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ვფიქრობთ, ამ ნაბიჯით მათი უფლებები უფრო მეტად იქნება გარანტირებული და დაცული საქართველოს ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში.