კითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა ირმის ნახტომში გონიერი არამიწიერი სიცოცხლე, პასუხი შეიძლება გრავიტაციულმა ტალღებმა გასცეს.
მეცნიერთა და ინჟინერთა საერთაშორისო ჯგუფის, სახელად Applied Physics-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწაზე განთავსებულმა დეტექტორებმა, მაგალითად, ობსერვატორია LIGO-მ თეორიულად უნდა შეძლოს არამიწიერი მეგატექნოლოგიის მიერ გამომუშავებული გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება.
მკვლევართა განცხადებით, ამ გზით არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა შესაძლებელი უნდა იყოს როგორც უახლოეს მეზობლებთან, ისე გალაქტიკის ყველა სხვა დანარჩენ ვარსკვლავთან.
ერთ-ერთი უდიდესი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც კაცობრიობას აწვალებს, არის ის, დედამიწა ერთადერთია თუ არა მთელ სამყაროში, სადაც გონიერი სიცოცხლე (ან იქნებ საერთოდ სიცოცხლე) არსებობს. თუმცა, ამოცნობადი ტექნოლოგიების ძებნის ჩვენი უნარი მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი ვარსკვლავით შემოიფარგლება. ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებსაც ჩვენ კომუნიკაციისთვის ვიყენებ, შორ მანძილზე გავრცელებისას სუსტდება ან მიილევა; შედეგად, სულ რამდენიმე ასეული სინათლის წლის იქით, კოსმოსური ხმაურისგან მისი გამორჩევა შეუძლებელი იქნება.
თუმცა, გრავიტაციული ტალღის სიგნალები სხვანაირია. ის ელექტრომაგნოტური სიგნალის მსგავსად არ მიილევა და მისი დაფიქსირება შორ მანძილებზეც შესაძლებელია. შესაბამისად, თუკი სადმე არსებობს გონიერი არამიწიერი ცივილიზაცია ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც მძლავრ გრავიტაციულ ტალღებს გამოიმუშავებს, არ არის გამორიცხული, მისი დაფიქსირება შევძლოთ.
გრავიტაციული ტალღები თითქმის ერთადერთი ინსტრუმენტია, რომლითაც კოსმოსის კვლევა სინათლეზე დამოკიდებულების გარეშე შეგვიძლია. მათ წარმოქმნის მასიური მოვლენები; ჩვენ მიერ დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღები წარმოქმნილი იყო ზოგ შემთხვევაში შავი ხვრელების, ზოგშიც ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახების შედეგად. მკვდარ ვარსკვლავთა ეს ნაშთები ერთმანეთის გარშემო სპირალურად მოძრაობენ, უახლოვდებიან და როდესაც საბოლოოდ ეჯახებიან, ტყორცნიან სივრცე-დროის ჭავლებს — დაახლოებით ისე, როგორც გუბეში ჩაგდებული ქვა წარმოქმნის ციცქნა ტალღებს გარშემო; თუმცა, ასეთი შეჯახებებისას ჭავლები ყველა მიმართულებით იტყორცნება, თანაც სინათლის სიჩქარით.
სინამდვილეში, ნებისმიერი ობიექტი მასით, რომელიც ჩქარდება, გრავიტაციულ ტალღებს წარმოქმნის. თუმცა, თუნდაც მძლავრი რაკეტის მიერ წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები მაინც პატარა იქნება, რომ მათი დაფიქსირება ამჟამინდელმა ხელსაწყოებმა შეძლონ. შესაბამისად, თუკი არამიწიერ ცივილიზაციას აქვს ტექნოლოგია, რომელიც ისეთ გრავიტაციულ ტალღებს წარმოქმნის, რომელთა დაფიქსირებაც შეგვიძლია, საკმაოდ შთამბეჭდავი იქნებოდა.
მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ლუკ სელერსი ხელმძღვანელობდა, მკვლევრებმა გამოთვალეს არამიწიერი ცივილიზაციის ხომალდის ის ზომა და სიჩქარე, რომლის დაფიქსირებასაც LIGO შეძლებდა; ასეთ ჰიპოთეტურ ხომალდს მათ RAMAcraft-ი უწოდეს.
როგორც მათ განსაზღვრეს, LIGO-ს შეუძლია დააფიქსიროს დაახლოებით იუპიტერის მასის (ანუ 317,8 დედამიწის მასის) RAMAcraft-ი, რომელიც სინათლის სიჩქარის 10 პროცენტს ავითარებს. თუკი ასეთი ხომალდი დედამიწიდან 100 კილოპარსეკის, ანუ 326 000 სინათლის წლის რადიუსში იქნება, ჩვენ მისი დაფიქსირება უნდა შევძლოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ახალი მონაცემების თანახმად, ირმის ნახტომის დისკოს დიამეტრი დაახლოებით 260 000 სინათლის წელიწადია, ზემოთ აღნიშნული მანძილი სრულად დაფარავდა ჩვენს მშობლიურ გალაქტიკას.
„ვარპ-გამწევის შესახებ ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ გზა მოუმზადა გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებას. ეს ახალი მეთოდი არ არის შეზღუდული ელექტრომაგნიტური სიგნალების ტრადიციული დიაპაზონით; შესაბამისად, უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ირმის ნახტომის ყველა ვარსკვლავთან ვეძებოთ ვარპ-გამწევიანი ხომალდები და მალე, იგივე შესაძლებლობა ათასობით სხვა გალაქტიკის შემთხვევაშიც გვექნება“, — ამბობს Applied Physics-ის ხელმძღვანელი, ფიზიკოსი ჯანი მარტირე.
არსებობს გრავიტაციული ტალღების სამომავლო დეტექტორების პროექტები, მაგალითად, DECIGO და „დიდი აფეთქების დამკვირვებელი“ (BBO), რომლებიც ასჯერ უფრო მგრძნობიარე იქნება, ვიდრე LIGO და შესაბამისად, ძებნის მოცულობის დონე 106-ით გაიზრდება.
არსებობს საკმაოდ დიდი პრობლემები. მაგრამ ახლა, როდესაც მოსამზადებელი სამუშაო უკვე ჩატარებულია, მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ შეძლებენ ამ მეთოდის გენერალიზებას ჩვენთან უფრო ახლოს მყოფ პატარა ობიექტებთან ძებნისთვის.
„გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება დახვეწილი მეცნიერებაა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის ჯერ კიდევ თავის ბავშვობის ხანაშია. რაც უფრო ვითარდება მეთოდოლოგია, დეტექტორების მგრძნობელობა შეიძლება ისეთი გახდეს, რომ ამ ობიექტების დაფიქსირება ჩვეულებრივი ამბავი გახდეს. ამ სულისკვეთებით, საინტერესო იქნებოდა ამ ობიექტების სრულფასოვანი ძებნის ჩატარება… სამეცნიერო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.