რამდენს იწონის ირმის ნახტომი - ჩვენი გალაქტიკის მასა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა
რამდენს იწონის ირმის ნახტომი - ჩვენი გალაქტიკის მასა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა

რა არის გალაქტიკაში თავმოყრილი? როგორც ჩანს, ძალიან ბევრი რამ. მეცნიერებს უკვე ხელთ აქვთ ამ დრომდე ყველაზე დეტალური მონაცემები ირმის ნახტომის ზუსტი ზომებისა და მასის შესახებ. ირკვევა, რომ ჩვენს გალაქტიკას სინამდვილეში იმაზე მეტი მასა აქვს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

მაინც რამდენი მასა? — დაახლოებით 129 000 სინათლის წლის დიამეტრში თავს იყრის 1,5 ტრილიონი ჩვენი მზის მასა.

ეს ციფრი ორჯერ აღემატება წინა მაჩვენებელს. 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ირმის ნახტომს 700 მილიარდი მზის მასა უნდა ჰქონოდა.

საინტერესოა, რა შეიცვალა? ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია „გაიას“ მთავარი დანიშნულება ირმის ნახტომის სამგანზომილებიანი რუკის შექმნაა. მისი წყალობით, უკვე გვაქვს მშობლიური გალაქტიკის ამ დრომდე ყველაზე დეტალური რუკა, ვიცით მრავალი ახალი დეტალი და ა. შ.

„გაიასა“ და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების კომბინირების შედეგად, მკვლევართა ჯგუფმა გალაქტიკის ზუსტი ზომები და მასა გამოთვალა. ამისათვის მათ გამოიყენეს გალაქტიკის ჰალოში მდებარე ვარსკვლავთა ჯგუფების, ე. წ. სფეროსებრი გროვების ორბიტული მოძრაობა.

შეუძლებელია ირმის ნახტომის მასის გამოთვლა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რასაც ვხედავთ, რადგან უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბნელი მატერიაც, რომლის პირდაპირი დაფქსირებაც არ შეგვიძლია. თუმცა ვიცით, რომ იქ მართლაც არის რაღაც, რადგან ამაზე მიუთითებს გალაქტიკის გარე რეგიონის ორბიტული სიჩქარე.

თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ ხილულ მატერიას, გამოდის, რომ ეს რეგიონი ორბიტაზე იმაზე სწრაფად მოძრაობს, ვიდრე სინამდვილეში უნდა მოძრაობდეს. შესაბამისად, აშკარაა, რომ სამყაროში ამ დამატებით გრავიტაციას წარმოქმნის რაღაც მასა, რომელსაც ვერ ვხედავთ, ვერც ვაფიქსირებთ.

გამომდინარე იქიდან, რომ ბნელ მატერიაზე პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია, მისი მასის შესახებ დასკვნების გამოტანა შესაძლებელია სხვა მეთოდებით. კეპლერის ორბიტული მოძრაობის კანონზე დაყრდნობით, ასტროფიზიკოსებს შეუძლიათ გამოიანგარიშონ, რამდენი მასა ახდენს გავლენას გალაქტიკის გარე რეგიონის ორბიტულ მოძრაობაზე.

სწორედ ეს გააკეთეს ჰაბლმა და გაიამ. 10-წლიან პერიოდში მათ მიერ ჩატარებული დაკვირვებების კომბინირების შედეგად, უფრო ზუსტად გაიზომა ირმის ნახტომის გარე მისადგომებში მოძრავი სფეროსებრი ვარსკვლავთგროვების ორბიტული სიჩქარე.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, უინ ევანსის განცხადებით, რაც უფრო მასიურია გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად მოძრაობს მისი ასეთი გროვები.

სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა

მისი თქმით, ამ დრომდე შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ სიჩქარის გამოთვლა, რომლითაც ეს გროვები დედამიწას უახლოვდებოდნენ ან შორდებოდნენ, მაგრამ ახლა, უკვე მოხერხდა მათი გვერდითი მოძრაობის გაზომვაც, რის შედეგადაც დადგინდა მათი მთლიანი სიჩქარე და შესაბამისად, შესაძლებელი გახდა გალაქტიკის მასის გამოთვლაც.

სწორედ ამ გზით დაადგინა მკვლევართა ჯგუფმა, რომ ჩვენს გალაქტიკას 1,5 ტრილიონი მზის მასა აქვს. თუმცა, ირმის ნახტომში მხოლოდ დაახლოებით 200 მილიარდი ვარსკვლავია. 4 მილიონი მზის მასა მოდის ჩვენი გალაქტიკის ცენტრში გაწოლილ სუპერმასიურ შავ ხვრელ მშვილდოსანი A*-ზე. ასევე არის საკმაოდ ბევრი გაზი და მტვერი.

თუმცა, ეს ყველაფერი საერთო მასის მხოლოდ 10 პროცენტია. რა არის დანარჩენი 90 პროცენტი? — დიახ, ბნელი მატერია.

ახალი მონაცემები ნათელს ხდის, რომ ირმის ნახტომს საკმაოდ ნორმალური ზომა და მასა აქვს თავისი კლასის გალაქტიკების კვალობაზე, მაგრამ ახლოსაც ვერ მივა ზოგიერთ ახლომდებარე გალაქტიკასთან, რომლებსაც 30 ტრილიონი მზის მასა აქვთ. ჩვენი გალაქტიკა ამ მხრივ შუალედურ დიაპაზონში ექცევა.

გარდა ამისა, შესაძლოა, ასევე დაზუსტდეს ირმის ნახტომის მდებარეობა გალაქტიკათა ე. წ. ადგილობრივ ჯგუფში. მრავალი წლის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ახლომდებარე გალაქტიკათშორისი სივრცის უდიდესი გალაქტიკა ანდრომედა იყო, შემდეგი ადგილი კი ირმის ნახტომს ეკავა.

თუმცა, შარშან ჩატარებული კვლევის მიხედვით, ანდრომედას 800 მილიარდი მზის მასა აქვს. ეს კი შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ ირმის ნახტომი სინამდვილეში პირველ ადგილზეა.

თავის მხრივ, ეს ფაქტი შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის შემდეგ, როცა ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახება, ანდრომედა გახდეს ირმის ნახტომის შემადგენელი ნაწილი და არა პირიქით.

მომზადებულია spacetelescope.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი