ასტრონომებმა ბნელი მატერიის პოვნის ახალ მეთოდს მიაგნეს
ასტრონომებმა ბნელი მატერიის პოვნის ახალ მეთოდს მიაგნეს

ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია, მაგრამ ახალმა კვლევამ შესაძლოა, მისი საიდუმლოს ამოხსნასთან საკმაოდ ახლოს მიგვიყვანოს.

ავსტრალიელ და ესპანელ მეცნიერთა განცხადებით, გალაქტიკათგროვებს შორის გამავალი ვარსკვლავების შუქი უზარმაზარი მანიშნებელია იმისა, რომ ბნელი მატერია იქ არის.

მათი განცხადებით, ეს მეთოდი გაცილებით უფრო აკურატულია, ვიდრე ამ დროისათვის არსებული ბნელი მატერიის საძებნი ხელსაწყო. შედეგად, ასტრონომებმა შესაძლოა, საბოლოოდ გაარკვიონ, რას წარმოადგენს გრავიტაციის ეს იდუმალი და უხილავი წყარო.

„ჩვენ ბნელი მატერიის ხილვის გზა ვიპოვეთ. დავადგინეთ, რომ გალაქტიკათგროვების ძალიან მკრთალი სინათლე ანუ გროვათშორისი შუქი მიუთითებს, როგორ არის გადანაწილებული ბნელი მატერია“, — ამბობს ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მირეია მონტესი.

უკვე დიდი ხანია, ბნელი მატერია ასტრონომებს თავგზას უბნევს. ვიცით, რომ იქ, კოსმოსში არის რაღაც ისეთი, რომელიც სამყაროს ჩვეულებრივ მატერიასთან გრავიტაციულად ურთიერთქმდებს. მისი ეფექტები იმდენად ძლიერია, რომ ასტრონომთა შეფასებით, ეს იდუმალი მატერია სამყაროს მთელი მატერიის დაახლოებით 85 პროცენტს შეადგენს.

თუმცა, არ შეგვიძლია მისი პირდაპირ დაფიქსირება, რაც იმას ნიშნავს, რომ მის საპოვნელად გვჭირდება არაპირდაპირი მეთოდები.

ზემოთ აღნიშნული ახალი კვლევის შემთხვევაში, ასეთ საშუალებას წარმოადგენს მკრთალი, გაფანტული სინათლე ექვს გალაქტიკათგროვას შორის, რომელიც ჰაბლის, ჩანდრასა და სპიტცერის კოსმოსურმა ტელესკოპებმა დააფიქსირეს.

ამ შუქს გროვათშორის სინათლეს უწოდებენ და წარმოადგენს გალაქტიკებს შორის მიმდინარე გამანადგურებელი ურთიერთქმედებების შედეგს. ამ ურთიერთქმედებათა დროს, შესაძლებელია ვარსკვლავები თავიანთ მშობლიური გალაქტიკებიდან ამოვარდნენ და ხეტიალი დაიწყონ გალაქტიკათშორის სივრცეში. ამის შემდეგ, მათ შეიძლება მიაღწიონ წერტილს, რომელიც აკურატულად არის განლაგებული გალაქტიკათგროვის გრავიტაციულ დიაგრამასთან.

სწორედ აქ არის განთავსებული გროვის მასის უდიდესი ნაწილი — ბნელი მატერიის სახით.

მირეია მონტესის თქმით, მიზეზი, რის გამოც გალაქტიკათგროვათშორისი სინათლე ბნელი მატერიის ბრწყინვალე მოთვალთვალეა გალაქტიკათგროვაში, არის ის, რომ ბნელი მატერიაც და გალაქტიკათშორისი სინათლის წარმომქმნელი ვარსკვლავებიც თავისუფლად დაცურავენ თავად გროვის გრავიტაციულ პოტენციალში. შესაბამისად, ისინი ზუსტად ერთსა და იმავე გრავიტაციას მიჰყვებიან.

მონტესის განცხადებით, მათ ახალ გზას მიაგნეს, რომლის საშუალებითაც უნდა იპოვონ ბნელი მატერიის მდებარეობა, რადგან ასე ისინი უთვალთვალებენ ზუსტად ერთსა და იმავე გრავიტაციულ პოტენციალს. როგორც იგი აღნიშნავს, ძალიან მკრთალი ნათების წყალობით, მათ შეუძლიათ განსაზღვრონ ბნელი მატერიის მდებარეობა.

ამ ყველაფრის შედეგი კი ის იქნება, რომ გალაქტიკათგროვებზე ღრმა დაკვირვებების გზით, ასტროფიზიკოსებს შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, სად მდებარეობს ბნელი მატერია.

ეს მეთოდი გაცილებით მარტივი და ეფექტიანია, ვიდრე ამჟამინდელი მოწინავე მეთოდი, რომელიც გრავიტაციულ ლინზირებას, ანუ დიდი მასის მიერ მის უკან მდებარე კაშკაშა ობიექტთა სინათლის გამრუდების გზას იყენებს.

მიღებული შედეგები ჯგუფმა გრავიტაციული ლინზირების გზით შედგენილ ბნელი მატერიის წინა რუკებს შეადარა. გაირკვა, რომ გალაქტიკათგროვათშორის სინათლის კონტურები დახვეწილად ემთხვეოდა ბნელი მატერიის რუკების კონტურებს.

მათი შემდეგი ნაბიჯი იქნება ექვსი გალაქტიკათგროვის კიდევ უფრო დეტალური კვლევა, რათა საბოლოოდ დარწმუნდნენ, მუშაობს თუ არა ეს მეთოდი. ამის შემდეგ, მკვლევრებს ასევე სურთ იმის გარკვევა, შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება მცირე მასშტაბებში, ერთეული გალაქტიკების შემთხვევაში.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია hubblesite.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.