მზის სისტემა ამჟამად ბნელი მატერიის წარმოუდგენლად სწრაფი ქარიშხლის შუაგულში იმყოფება - ახალი კვლევა
მზის სისტემა ამჟამად ბნელი მატერიის წარმოუდგენლად სწრაფი ქარიშხლის შუაგულში იმყოფება - ახალი კვლევა

თუ ასტრონომთა გათვლები სწორია, მზის სისტემა ამჟამად მშფოთვარე კოსმოსური მოვლენის ეპიცენტრში იმყოფება — ბნელი მატერიის დიდ ქარიშხალში, რომელიც წამში 500 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდება.

ჩვენ არც მისი დანახვა შეგვიძლია და არც შეგრძნება, მაგრამ შესაძლოა, ისე ახლოს ვიყოთ ამ მატერიის დაფიქსირებასთან, როგორც არასდროს.

ბნელი მატერია სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცანაა. ის პირდაპირ არასოდეს დაგვიფიქსირებია, დაზუსტებით ისიც კი არ ვიცით, რა არის სინამდვილეში. მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ის არსებობს. მის არსებობას ვასკვნით ვარსკვლავებისა და გალაქტიკების მოძრაობაზე დაყრდნობით, რადგან ეს მოძრაობა ზედმეტად სწრაფია მათი მასებისთვის.

შესაბამისად, იქ რაღაც არის, რაღაც სხვა მასა ქმნის გრავიტაციას, რომელიც გავლენას ახდენს მათ კოსმოსურ მოძრაობებზე. ამ მოძრაობებზე დაყრდნობით შეგვიძლია აღნიშნული უხილავი მასის დაანგარიშებაც. „ბნელი მატერია“, რაც არ უნდა იყოს ის, არის სახელი, რომელსაც ვუწოდებთ მასას; მეცნიერები მის პირდაპირ დაფიქსირებაზე აქტიურად მუშაობენ.

მაგრამ ჯერჯერობით, ყველა მცდელობა ამაოა. გამომდინარე აქედან, რანაირად დაასკვნეს ფიზიკოსებმა, რომ ჩვენ ამჟამად ბნელი მატერიის საშინელი შტორმის შუაგულში ვიმყოფებით? გასაღები ვარსკვლავების მოძრაობაში იმალება.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდ „გაიას“ მიერ შეგროვებული მონაცემების დამუშავებისას, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავური ნაკადი — მრავალი წლის წინ ირმის ნახტომის მიერ გადაყლაპული მოზრდილი ჯუჯა სფეროსებრი გალაქტიკის ნარჩენები.

ირმის ნახტომში ვარსკვლავთა რამდენიმე ასეთი ნაკადია დაფიქსირებული, მაგრამ S1, როგორც მას უწოდებენ, უჩვეულოა იმ მხრივ, რომ ამჟამად, მზის სისტემა და მისი სამეზობლო 30 000 ვარსკვლავისგან შემდგარი ამ ნაკადის შუაგულში იმყოფება.

არ არსებობს რომელიმე მათგანის ჩვენთან შეჯახების შანსი, შესაბამისად, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაყლაპული ჯუჯა გალაქტიკის ამ უკანასკნელ ნაკუწთან დაკავშირებული ბნელი მატერიაც ამ ნაკადთან ერთად მოძრაობს.

სარაგოსას უნივერსიტეტის თეორიულმა ფიზიკოსმა სირან ო’ჰარემ თავის ჯგუფთან ერთად სცადა გაერკვია S1-ის გავლენა ბნელ მატერიაზე გალაქტიკის ჩვენს პატარა კუთხეში.

S1 ნაკადში მათ მიმოიხილეს ბნელი მატერიის დინების სიმკვრივისა და გადანაწილების სხვადასხვა მოდელები. ამის შემდეგ, ამ მოდელებისთვის გააკეთეს ბნელი მატერიის ხელწერის პროგნოზი, რისი დაფიქსირებაც შესაძლებელი უნდა იყოს ჩვენი ტელესკოპებით.

ერთ-ერთ ასეთ პოტნეციურ ხელწერას წარმოქმნის ჰიპოთეტური სუსტად ურთიერთქმედებადი მასიური ნაწილაკი, სახელად WIMP-ი. თუკი ეს ნაწილაკები მართლაც არსებობს, მათი დაფიქსირება უნდა შევძლოთ ელექტრონებთან ან ატმობირთვებთან შეჯახების გზით, რამაც უნდა გამოიწვიოს დამუხტული ნაწილაკების ტალღა დედამიწაზე. ეს კი წარმოქმნის სინათლეს, რომლის დაფიქსირებაც შესაძლებელია თხევადი ქსენონით ან კრისტალური დეტექტორებით.

გათვლებზე დაყრდნობით, ჯგუფმა განსაზღვრა, რომ სავარაუდოდ, WIMP ნაწილაკების ასეთი დეტექტორები ვერ იგრძნობენ S1-ის ვერანაირ ეფექტს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი მომავლის ტექნიკამ მოახერხოს.

კვლევა ჟურნალ Physical Review D-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.