სამყარო უზარმაზარია და შესაბამისად, მეცნიერები არამიწიერი სიცოცხლის პოვნის უკეთეს მეთოდებს ეძებენ, იქნება ეს რადიოსიგნალებზე ნადირობა, ხელსაყრელი კლიმატისა თუ უზარმაზარი მეგასტრუქტურების პოვნა. ამჯერად, მეცნიერები არამიწიერი სიცოცხლის კიდევ ერთ ნიშანს განიხილავენ — ატმოსფერულ დაბინძურებას.
თუ სადმე არამიწიერი ცივილიზაციები არსებობს, ჩნდება ჰიპოთეზა, რომ მათი საქმიანობისა და ინდუსტრიების შედეგად უნდა გამოიყოფოდეს ზუსტად ჩვენის მსგავსი დაბინძურება. ეს დაბინძურება კი შეიძლება შევნიშნოთ ღრმა კოსმოსის სკანირებისას.
ახალი კვლევის მიხედვით, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ნიშანი შეიძლება იყოს აზოტის დიოქსიდის აირი (NO2) — ის წარმოიქმნება როგორც წიაღისეული საწვავის წვის შედეგად, ისე ჭექა-ქუხილის, ვულკანებისა და სხვა ბიოლოგიური ან არასამრეწველო წყაროების მიერ.
„დედამიწაზე აზოტის დიოქსიდის უმეტესი ნაწილი ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოიყოფა, წვის პროცესების შედეგად, მაგალითად, მანქანების გამონაბოლქვის სახით ან წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ქარხნების მიერ“, — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის ასტრობიოლოგი რავი კოპარაპუ.
მისივე განცხადებით, სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტაზე NO2-ის დაფიქსირება პოტენციურად უნდა მიუთითებდეს იქ არსებულ ინდუსტრიულ ცივილიზაციაზე.
NO2-ის არსებობას შეიძლება ტექნოხელწერა ეწოდოს, ანუ ტექნოლოგიების ნიშანი მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტაზე. მართალია, ეს პლანეტები ძალიან შორს არის და მათთან ზონდების გაგზავნა შეუძლებელია, მაგრამ მათი შესწავლა შეგვიძლია ჩვენი სულ უფრო და უფრო მძლავრი ტელესკოპებით.
ახალი კვლევა რაიმე დაკვირვებას არ იყენებს, მაგრამ მეცნიერებმა კომპიუტერულ მოდელებს მიმართეს, რათა გამოეთვალათ ის რიცხვები, რომლებზეც NO2 ტექნოხელწერას უნდა ნიშნავდეს; იქვე სცადეს გაერკვიათ, შეძლებენ თუ არა ჩვენი ტელესკოპები მის შემჩნევას აზოტის დიოქსიდის მიერ ვარსკვლავის სინათლის შთანთქმასა და არეკვლაზე დაყრდნობით.
მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისეთ დიდი ტელესკოპებს, როგორიც არის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, დაახლობით 400-საათიანი დაკვირვება დასჭირდება 30 სინათლის წლის მანძილზე მზის მსგავს ვარსკვლავთან დედამიწის მსგავსი ისეთი პლანეტის შესამჩნევად, რომელიც დაახლოებით იმდენივე NO2-ს აწარმოებს, რამდენსაც ჩვენი პლანეტა. დაკვირვება საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ ნამდვილად არ არის მის შესაძლებლობათა მიღმა.
ჯგუფი ასევე ვარაუდობს, რომ NO2 უკეთესი ტექნოხელწერა უნდა იყოს, ვიდრე ქლორფთორნახშირბადები (CFC), რომელთაც აქამდე განიხილავდნენ; ქლორფთორნახშირბადები ბუნებრივად არ წარმოიქმნება და NO2-თან შედარებით ისინი არამიწიერი სიცოცხლის უფრო უტყუარი ნიშანი იქნებოდა, მაგრამ შეიძლება, ისინი ატმოსფეროში იმ რაოდენობით არ იყოს წარმოდგენილი, რომ ჩვენ დაფიქსირება შევძლოთ.
„როგორც ვიცით, ქლორფთორნახშირბადები ბიოლოგიური პროცესების შედეგად არ წარმოიქმნება და შესაბამისად, ისინი NO2-თან შედარებით უფრო აშკარა ტექნოხელწერაა, მაგრამ ძალიან სპეციფიკურად დამზადებული ქიმიური ნივთიერებებია და შეიძლება ყველგან არც იყოს წარმოდგენილი; NO2 კი ნებისმიერი წვის ზოგადი ქვეპროდუქტია“, — ამბობს ბლუ-მარბლის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრობიოლოგი ჯეიკობ ჰაქ-მისრა.
გამოთვლებისას, მკვლევართა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ K და M-ტიპის ვარსკვლავებმა, რომლებიც ჩვენს მზეზე უფრო მეტად გავრცელებული და ცივებია, უნდა მოგვცეს NO2-ის ძლიერი, უფრო ადვილად დასაფიქსირებელი სიგნალი, რადგან ამ ტიპის ვარსკვლავები ნაკლებად წარმოქმნიან ხელის შემშლელ ულტრაიისფერ სინათლეს.
გასული 25 წლის განმავლობაში 4000-ზე მეტი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, ანუ ასტრონომებს კვლევისთვის საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ და გამოსადეგი იქნება ნებისმიერი საიმედო მეთოდი, რომელიც არამიწიერ ცივილიზაციათა ყველაზე სავარაუდო ადგილთა გამოვლენაში დაგვეხმარება.
ამავე დროს, თანმხლები სინათლის არეკვლების გამო ასეთი შორი მანძილიდან მონაცემების მიღება ადვილი არ არის და დაგვჭირდება უფრო მოწინავე მოდელები, რომლებსაც შეეძლება ატმოსფეროში ღრუბლების ან აეროზოლების მხედველობაში მიღება, რაც შეიძლება, NO2-ის ტექნოხელწერაში აგვერიოს.
„თუ იმაზე მეტ NO2-ს აღმოვაჩენთ, ვიდრე ჩვენი მოდელები არაინდუსტრიული წყაროებისთვის დასაშვებად მიიჩნევს, გამოდის, რომ შეიძლება, დანარჩენი NO2 ინდუსტრიულ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული“, — ამბობს NASA-ს ასტრობიოლოგი ჯადა არნი.
მისივე თქმით, დიახ, არამიწიერი სიცოცხლის ძებნისას ყოველთვის არსებობს ცრუ დადებითობის შანსი და სამომავლო კვლევებია საჭირო იმისათვის, რათა ნამდვილი დადებითი ცრუ დადებითისგან გავარჩიოთ.
კვლევა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.org.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.