სულხან ბორძიკაშვილი - მსგავსი ამბების გამეორება არც მთავრობის და არც მოსახლეობის მხრიდან არ შეიძლება
სულხან ბორძიკაშვილი - მსგავსი ამბების გამეორება არც მთავრობის და არც მოსახლეობის მხრიდან არ შეიძლება

მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა, პანკისის ხეობაში ჰესი აშენდეს, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში მცხოვრებმა სულხან ბორძიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰესის მშენებლობის საკითხი მოლაპარაკებების მეშვეობით კონკრეტულ სამინისტროებთან უნდა მოგვარდეს.

„მოლაპარაკება ყოველთვის შეიძლება და აქამდეც შეიძლებოდა. ეს ჩიხში არ უნდა შესულიყო. მოსახლეობის უმრავლესობის აზრია, რომ სოფელში ჰესი არ უნდა აშენდეს. გუშინდელი შეთანხმებაც მინისტრთან ასეთი იყო, რომ აბსოლუტური უმრავლესობა უნდა იყოს თანახმა. თავიდანაც ასე რომ ყოფილიყო, ჩიხში არ შევიდოდით. არავითარ შემთხვევაში მსგავსი ამბების გამეორება არც მთავრობის და არც მოსახლეობის მხრიდან არ შეიძლება. ამდენი სპეცრაზმელისა და საპოლიციო ძალის გამოჩენამ ბევრ ადამიანში ცუდი განწყობა და შიში გამოიწვია.

ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადაწყდეს არა პოლიციაში დაბარებით და პოლიციელებთან შეხვედრით, არამედ უნდა მოგვარდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, კონკრეტულ სამინისტროებთან.

ჩემი და აქციის მონაწილეების გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მანქანებს ცეცხლი წაეკიდა. ეს მართლა ძალიან ცუდია. ეს არ იყო საჭირო. ჩვენს ქვეყანაში კი არა, საფრანგეთშიც რომ ხდებოდა, არც ეს მომწონდა, არც ბათუმში მომეწონა და მით უმეტეს, პანკისში ეს გაუმართლებელია“, – განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.