ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას პოლიციის 10-ზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა, მათ შორის სამი დაიწვა [ფოტო]
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციის 10-ზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა, მათ შორის სამი დაიწვა.
ამასთან, დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ტექნიკასაც წაუკიდეს ცეცხლი.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.