ლევან კობერიძე - პანკისში რაც მოხდა, იყო შეცდომების ან არასწორი კომუნიკაციის შედეგი
ლევან კობერიძე - პანკისში რაც მოხდა, იყო შეცდომების ან არასწორი კომუნიკაციის შედეგი

როდესაც ელექტროენერგეტიკის სექტორზე ვსაუბრობთ, საჭიროა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მწყობრი ხედვა და სამოქმედო გეგმა იყოს წარმოდგენილი საქართველოში ენერგორესურსების ეფექტიან მართვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

„ბოლო სამი მინისტრის პერიოდში ეს საკითხი მუდმივად დგას იმისთვის, რომ ჩვენ ის გეგმა განვიხილოთ, თუ სად და როგორ უნდა იყოს გამოყენებული ენერგორესურსები. ეს გეგმა თუ მკაფიო იქნება, დამტკიცდება და შემდეგ მოსახლეობისთვის თანამიმდევრულად ახსნილი იქნება, რომ ჩვენი ენერგოპოლიტიკა და ხედვა ასეთია. ვიდრე მშენებლობის პროცესი დაიწყება, მოსახლეობასთან ძალიან დეტალურად გავლა და შეთანხმება უნდა მოხდეს. მსგავსი მიდგომა ისეთ ინციდენტებს აგვარიდებს, რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ხდება. შემდეგ კი იწყება ეჭვების გამოთქმა, რომ ეს პროცესი მართულია თუ არა“,- განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობას უნდა აუხსნა, ჰესის მშენებლობით რა სარგებელი ექნება. როგორც კობერიძე ამბობს, ადამიანები მშენებლობაზე დროებით რომ დასაქმდებიან, ეს საკმარისი არ არის.

„გიორგი გახარიადან დაწყებული, თითოეულ მინისტრის ხედვის წარდგენას ვთხოვდით. საქმე პოლიციის შეყვანამდე არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ეს იმის შედეგია, რომ ასეთი თანმიმდევრული გეგმა უნდა გვქონდეს. კითხვას, პანკისში 5 მეგავატიანი ჰესი უნდა იყოს თუ არა, ამას ასე კონტექსტიდან ამოწყვეტილად პასუხი ვერ გაეცემა, თუ მთლიანი გეგმა არ იქნება. 2006 წელს, ჰესი პანკისში გაიხსნა და მაშინ მოსახლეობა არ იყო წინააღმდეგი და 2019 წელს წინააღმდეგია? – აუცილებლობაა გეგმისა და ხედვის, რადგან შემდეგ ყველას ექნება საშუალება, ხანგრძლივ პერიოდში მოსახლეობასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. მოსახლეობას უნდა აუხსნა, ჰესის მშენებლობით რა სარგებელი ექნება. ადამიანები მშენებლობაზე დროებით რომ დასაქმდებიან, ეს საკმარისი არ არის. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ჰესის საპირწონედ რა სარგებელი ექნება. პანკისში რაც მოხდა, იყო ან შეცდომების ან არასწორი კომუნიკაციის შედეგი. არც მოსახლეობას არ აქვს იმის უფლება, რომ პოლიციელს ქვები დაუშინოს, ეს კანონსაწინააღმდეგოა, თუმცა სპეცრაზმის გამოჩენა მიგვანიშნებს, რომ ჰესების თემაზე მუშაობისა და მსჯელობის დროს რაღაც შესაცვლელია“,- განაცხადა კობერიძემ.