გიორგი ჩიქოვანი - ჩვენი სტრატეგიაა, საკუთარი მოხმარება ჩვენი რესურსის ოპტიმიზაციით დავაკმაყოფილოთ
გიორგი ჩიქოვანი - ჩვენი სტრატეგიაა, საკუთარი მოხმარება ჩვენი რესურსის ოპტიმიზაციით დავაკმაყოფილოთ

საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია მოთხოვნის საკუთარი რესურსების ოპტიმიზაციის მეშვეობით დაკმაყოფილების კონცეფციას ეყრდნობა, – ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.

გადაცემის მთავარი თემა მცირე ჰესებთან დაკავშირებული პრობლემები და პერსპექტივები იყო. როგორც ცნობილია, გუშინ პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ქვეყანაში მცირე ჰესების განვითარებისთვის აუცილებელი დიალოგის მნიშვნელობა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი.

„ჩვენი, ისევე როგორც ყველა ქვეყნის სტრატეგიაა, რომ საკუთარი მოხმარება ჩვენი რესურსის ოპტიმიზაციის მეშვეობით დავაკმაყოფილოთ. იგულისხმება, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს განახლებად ენერგიაზე, როგორიცაა ჰიდრო, მზე და ქარის ენერგია. ამ მწვანე, სუფთა ენერგიის ათვისების კუთხით, ძალიან ბევრი პროექტია დაგეგმილი 2030 წლამდე. ჰესი არის განახლებადი, მწვანე, ალტერნატიული ენერგია,“ – განმარტა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას 10 წლის წინ განვითარებული ენერგეტიკული კრიზისი გაახსენა, როდესაც ბუნებრივი აირის ორივე მილსადენი ერთად აფეთქდა, პარალელურად კი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მწყობრიდან გამოვიდა და ქვეყნა როგორც გაზის, ისე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ევროპაში ყველა ცდილობს ენერგოდამოკიდებულების შემცირებას, განსაკუთრებით – რუსეთზე. ხდება ინვესტიციების ჩადება განახლებად ენერგიებში, ახალ ტექნოლოგიებში, რათა ეს ენერგოდამოკიდებულება შემცირდეს და გაიზარდოს ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენ ამის არათუ თეორიული, არამედ ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს საქართველოში. 10 წლის წინ გვახსოვს, გაზის ორი მილსადენი (რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი) ერთად აფეთქდა, გადამცემი ხაზიც მიჰყვა. ზოგს აღარ ახსოვს და მოგვიწოდებს, რომ რუსეთიდან შემოვიტანოთ ელექტროენერგია, იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებული და გვთავაზობენ, რომ ჩვენი ათი, ოცი და ოცდაათწლიანი სტრატეგია დავამყაროთ რუსეთზე – ჩვენი მოხმარება დავუკავშიროთ რუსეთს“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

გადაცემის ფარგლებში აღინიშნა, რომ ჰესების განვითარებას სარგებლობა მოაქვს არა მხოლოდ სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, სადაც ჰესი აშენდება. თუმცა, დიალოგის ნაკლებობის გამო, მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი.

ჩიქოვანის განმარტებით, ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აშენების შედეგად უამრავ სიკეთეს მიიღებს, როგორიცაა ადგილზე დარჩენილი გადასახადები, ახალი ინფრასტრუქტრული პროექტებით, რომლის განხორციელებასაც ინვესტორი თავის თავზე აიღებს და სოფელს სიკეთეს მოუტანს.

„ჰესების განვითარების შემთხვევაში სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების თანხვედრა ხდება – ადგილობრივიც ხეირობს და ენერგეტიკული უსაფრთხოებაც, ინტერესთა განცალკევება არ ხდება, უბრალოდ მეტი კომუნიკაციაა საჭირო. მშენებლობის ეტაპზე ათეულობით ჰესია გადასული, მაგრამ ყველაგან ვაწყდებით ამ პრობლემას. პრობლემაა ის, რომ დიალოგი არ ხდება, ყველგან ვამბობთ – არა ჰესებს. მოსახლეობა წინააღმდეგი კი არ არის, შეცდომაშია შეყვანილი“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.