დავით სერგეენკო - ჩემთვის ნებისმიერი სახით გამოხატული ძალადობა მიუღებელია
დავით სერგეენკო - ჩემთვის ნებისმიერი სახით გამოხატული ძალადობა მიუღებელია

ჩემთვის ნებისმიერი სახით გამოხატული ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას განაცხადა.

„იყო თუ არა გადამეტება პოლიციის მხრიდან – ცალსახად დავინახეთ, რომ დაზარალებულთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან პოლიციელები. შესაბამისად, გამიჭირდება ვთქვა, რომ მათი მხრიდან იყო ძალის გადამეტება“,- განაცხადა დავით სერგეენკომ, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან და შს მინისტრთან ერთად თბილისში, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ პანკისის ხეობაში დაშავებული ორი პოლიციელი მოინახულა.

პანკისის ხეობაში გუშინდელი დაპირისპირების შედეგად სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია. ამასთან, სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.