ხასო ხანგოშვილი - ჩვენი პოზიცია იყო რომ, არ არის სასურველი ჰესის აშენება, მაგრამ თუ სახელმწიფო ინტერესებია და მაინც აშენდება, მოდით, მივიღოთ მეტი სარგებელი
ხასო ხანგოშვილი - ჩვენი პოზიცია იყო რომ, არ არის სასურველი ჰესის აშენება, მაგრამ თუ სახელმწიფო ინტერესებია და მაინც აშენდება, მოდით, მივიღოთ მეტი სარგებელი

ჩვენი პოზიცია იყო შემდეგი, არ არის სასურველი, აშენდეს ეს ჰესი, მაგრამ თუ სახელმწიფო ინტერესებია და მაინც აშენდება, მოდით, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სარგებელი, – ამის შესახებ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა, ხასო ხანგოშვილმა განაცხადა.

„როდესაც საუბარი მიდის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ელექტროფიკაციაზე, იმაზე, რომ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული გარედან შესყიდულ ელექტროენერგიაზე, მით უმეტეს მტრისგან როცა იძენ, ჩვენი პოზიცია ასეთი იყო – არ არის სასურველი, რომ აშენდეს ეს ჰესი, მაგრამ თუ სახელმწიფო ინტერესებია და ეს მაინც აშენდება, მაშინ მოდით, ვეცადოთ, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ამ ფირმისგან.

თვითონ სახელმწიფომ არ გასწია ამ კუთხით ის ახსნა-განმარტება, რაც ამ ჰესთან იყო დაკავშირებული, ვგულისხმობ, რომ ეს შეხვედრები არ კმაროდა“,- განაცხადა ხანგოშვილმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

დატოვე კომენტარი