ალექსანდრე კობაიძე - ვაპირებთ, აღკვეთის ღონისძიების საკითხი სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივროთ
ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ შერჩევითი სამართლის ქვეშ ვართ და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულოები, უწევთ იმის მტკიცება, რომ ამ მძიმე ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აღკვეთის ღონისძიების საკითხს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„მოსამართლეს ხმა უკანკალებდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას, ეს მიანიშნებს იმას, რომ მასზე შესაძლებელია განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზეწოლა.
ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ შერჩევითი სამართლის ქვეშ ვართ და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები, უწევთ იმის მტკიცება, რომ ამ მძიმე ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.
ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში“,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.