გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა [ფოტო/ვიდეო]

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.