მაშველებმა გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ნავი და ორი სპეციალური კატარღა, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის-თერმული დრონები, რისი საშუალებითაც ხორციელდებოდა ტერიტორიის მონიტორინგი.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები“, – ნათქვამია შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მომხდარის შესახებ გამოძიების ოფიციალური ვერსია ჯერ ცნობილი არ არის. არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი მეგობართან, გური ამირხანაშვილთან ერთად დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. როგორც ოჯახის ახლობლები ყვებიან, გიორგი შაქარაშვილმა და მისმა მეგობარმა სახლი, სადაც წვეულება იყო, დატოვეს და მანქანის გარეშე გადაადგილდებდნენ. აღმოჩნდა, რომ დაპირისპირება ავტობანზეც გაგრძელდა და სწორედ ამ დროს, დაპირისპირებაში მონაწილეობისთვის თავის არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი გაიქცა.

„ჩვენ მხოლოდ სავარაუდო ვერსიები ვიცით, რომ იყო დაპირისპირება და ბევრი ადამიანი გაილახა. გიორგი იმ ბიჭებს არ იცნობდა. ჩვენი ვერსიით, დაპირისპირება მოხდა აგარაკზე, მცხეთაში. შემდეგ უკვე გადმოინაცვლა გზატკეცილზე. იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაბადების დღის წვეულებაზე არ იმყოფებოდნენ. შემთხვევითი გამვლელი იქ არ მოხვდებოდა და ჩხუბს არ ატეხდა. სავარაუდოდ ადგილზე მყოფმა პირებმა დაუძახეს თავის მეგობრებს და თბილისიდან ჩამოვიდნენ ისინი. შეიძლება დახმარების გამო. „საქმის გარჩევა“ რომ დავარქვათ, ალბათ უხეში ნათქვამია, რატომ ჩამოვიდნენ, საჩხუბრად, საცემად, თუ უბრალოდ ბავშვების წაყვანა უნდოდათ თბილისში, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, ავტობანზე მოხდა დაპირისპირება. როდესაც ესენი მივიდნენ დაბადების დღეზე, იქ უკვე იყო დაძაბული სიტუაცია, ჩხუბი იგულისხმება, თუ სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენ არ ვიცით, ეს იცის გური ამირხანაშვილმა. გურის აღენიშნება დაზიანებები ეკლებისა და ბუჩქებისგან. ის ამბობს, რომ გაქცევის დროს დაიმალა ბუჩქებში და ნაკაწრები აქვს. გური და გიორგი რომ გამოიქცნენ, გიორგიმ ხიდის ქვეშ ჩაირბინა, როგორც ამას გური ამბობს და გური გადახტა ბუჩქებში დასამალად. აქ მათი გზები გაიყო და გურიმ აღარ იცის, სად წავიდა გიორგი. გურის ნათქვამი ემთხვევა ყველაფერს, რამდენჯერმე ვკითხეთ, მეგობრული საუბარიც გვქონდა, მისგან არ გაჟღერებულა სხვადასხვა ვერსია. მთავარი ვერსია ის არის, რომ ჩხუბი რომ დაიწყო, მაშინ გაიქცნენ ეს ბიჭები. გურიმ მოყვა, ჩვენს წინ გალახეს ვიღაცები და ამიტომ გავიქეცითო. ყვება, რომ ორი მანქანა ფიგურირებს“, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელმა ნიკა ჯაჭვაძემ.