მირიან ნიკოლაძე - დასრულდა ცხრათვიანი შოუ, რომელსაც ბრალდებულები ოჯახებთან ერთად ატარებდნენ, განაჩენი არის დანაშაულის ზუსტი, სრულიად ობიექტური ასახვა
მირიან ნიკოლაძე - დასრულდა ცხრათვიანი შოუ, რომელსაც ბრალდებულები ოჯახებთან ერთად ატარებდნენ, განაჩენი არის დანაშაულის ზუსტი, სრულიად ობიექტური ასახვა

გიორგი შაქარაშვილის ბიძი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულისთვის გამამტყუნებელი განაჩენი არის მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ზუსტი და სრულიად ობიექტური ასახვა.

მისი თქმით, აღნიშნული განაჩენისთვის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა.

„მინდა, სამართლებრივი კუთხით შევეხო განაჩენს. განაჩენი არის სრულიად ობიექტური. ეს იყო ჩადენილი დანაშაულისა და ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავე პიროვნებების დამოკიდებულების ზუსტი, იდენტური ასახვა. საბოლოო ჯამში ეს აისახა ძალიან სწორ სასჯელად.

ჩვენ ყველანი ვუყურებდით ცხრათვიან სპექტაკლს, რომელსაც ატარებდნენ ბრალდებულები თავის ოჯახის წევრებთან ერთად. არ ვიცი, ოჯახის წევრებმა რამდენად იციან სიმართლე მათგან, ეს არც არის საინტერესო ჩვენი ოჯახისთვის, ეს მათი საქმეა, მაგრამ ეს ცხრათვიანი შოუ დასრულდა, როცა მათ უნდოდათ  საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები. არც ერთი პირი ტყუილად არ ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის საქმეში, გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით.

ვინმეს სისხლის სამართალი თუ ესმის ანბანურ დონეზე, პირველი კურსელი იურისტის დონეზე, ყველა დამემოწმება იმას, რომ მტკიცებულებები იყო საკმარისზე მეტი, რათა ეს განაჩენი დამდგარიყო. ჩემი კოლეგების პოზიციას არ შევხებივარ. ვთვლიდი, რომ ჩემი ამპლუის მიუხედავად, მოცემულ საქმეში მაინც ვიცავდი ადვოკატურ ეთიკას. მათ მიერ მასმედიით, იმით-ამით გაჟღერებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით, ეს ქმედება იყო განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ სხვის დასარწმუნებლად, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ისინი იყვნენ დამნაშავეები, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა, რადგან სხვა რაიმე ვერ მოხდებოდა სამართლებრივად და მივიღეთ ის შედეგი, რაც უნდა მიგვეღო“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებულები და მათი ოჯახები ცხრა თვის განმავლობაში ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ იყვნენ უდანაშაულოები.

„იმდენად დიდი ძალისხმევა გამონახეს მშობლებმა, რომ მისულიყვნენ სასამართლოზე. მამა ვერც მივიდა; მე და ლევანი ერთად ვისხედით სახლში და ერთად ვადევნებდით თვალყურს მედიით განაჩენის გამოცხადებას. მამამ თქვა, იქ რომ მივიდე, რამე უბედურებას დავატრიალებო. რომ გავიგეთ პროტესტი განაჩენზე, მამას გაეცინა და თქვა, ვინ აგიჟებთ და უყვება ამ სიცრუეს. ერთმანეთს აგიჟებდნენ მთელი ცხრა თვე. ეს ცხრა თვე არასერიოზულად ჩაატარეს და არწმუნებდნენ თითოეულ თქვენგანს, რომ უდანაშაულოები იყვნენ“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

მან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პოლიტიზების მცდელობაზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, ოჯახმა კატეგორიული პოზიციით თავიდანვე გამორიცხა.

„პოლიტიკურად მოტივირებული ტელევიზიები ნახეთ, სამარცხვინო თავისი ე.წ. გამოძიებით, რომლებმაც მეტ-ნაკლებად შეძლეს საზოგადოების ნაწილი დაერწმუნებინათ, რაღაცაში. მათ ამის იმედი ჰქონდათ. არ მოხდა საკითხის კოორდინირება, რადგან ოჯახმა კატეგორიული პოზიცია დაიჭირა, მერე მირიან ნიკოლაძე იყო ვიღაცის პოლიტიკური ინტერესებით დაკავებული და ვერ მოხდა, არ განხორციელდა ეს ვერსიაც. საბოლოოდ მოხდა ის, რომ დარჩა სამართლებრივი მთლიანი სხეული ამ საქმიდან და ეს სამართლებრივი შეფასება მიიღო მოსამართლემ, ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური. მშობლებმა თქვეს, რომ რაც არ უნდა პროვოკაცია მოხდეს, იქიდან ჩვენ ხმას არ გავცემთ. ეს იყო მშობლების წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია და ძალიან დიდი თხოვნა ერთმანეთის მიმართ. როგორც ეს ფრაზა წამოვიდა, მაშინვე ჩათვალეს, რომ ეს იყო გამოწვევა და ხმა არ ამოიღე. მერე უკვე განაჩენის დროს საცოდავმა, შვილმკვდარმა დედამ რომ კმაყოფილება გამოხატა, უკანასკნელი პირით აგინეს რევაზიშვილმა და გაგნიძემ. თამუნას, შვილმკვდარ დედას იმის უფლება არ აქვს, რომ სჯეროდეს შვილი ვინ მოუკლა, მიემხროს ამა თუ იმ ვერსიას და საბოლოო ჯამში შინაგანად ერთადერთი შვება იპოვოს ის, რომ დამნაშავე დაისაჯა. დარბაზში აგინეს მაგ ხალხმა. დარეკა გოგომ გამწარებულმა, ლევანის ესაუბრებოდა. დარბაზში ორმა ადამიანმა აგინა შვილმკვდარი დედა, ეს არის მათი მორალური სახე“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძე.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირიდან სამ პირს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. კიდევ ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი