პროკურორი დავით ყაზარაშვილი - პატარა ბიჭს სიცოცხლე მოუსპეს და მათი მშობლები, ვინც ეს ჩაიდინა, პრეტენზიას გამოთქვამენ, არავინ ფიქრობს გარდაცვლილზე
პროკურორი დავით ყაზარაშვილი - პატარა ბიჭს სიცოცხლე მოუსპეს და მათი მშობლები, ვინც ეს ჩაიდინა, პრეტენზიას გამოთქვამენ, არავინ ფიქრობს გარდაცვლილზე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილის სასამართლოს მიერ არასრულწლოვნებისთვის გამოტანილ განაჩენს სამართლიანს და კანონიერს უწოდებს. მისი თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და დაკავებულებს მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელი განუსაზღვრა.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხუთივე დამნაშავედ ცნო 109-ე მუხლით. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, არასრულწლოვნებს განესაზღვრათ სასჯელი10 წლითა და 6 თვით. მაქსიმალური იყო 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და მაქსიმალურთან მიახლოებულია. საინტერესოა მსჯავრდებულების ახლობლების გამოსვლა. სამწუხაროა, როდესაც ადამიანი აღარ არის, პატარა ბიჭს სიცოცხლე მოუსპეს და მათი მშობლები და საახლობლო წრე,  ვინც ეს ჩაიდინა, გამოთქვამენ პრეტენზიას, თურმე უპატრონოდ დარჩნენ, არავინ ფიქრობს გარდაცვლილზე და იმაზე, რომ მისი ოჯახი მას ვერ დაიბრუნებს. უსიამოვნოა ეს განცხადებები“, – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომად თითოეულს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.