გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული პირების ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დაზარალებული პირების წერილობითი თანხმობა უკვე არსებობს, პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენების სახით დააფიქსირებს, აქვს თუ არა სურვილი ბრალდებულებზე ამნისტიის კანონი გავრცელდეს.

როგორც ადვოკატი დავით ჭიკაიძე აცხადებს, ამის შემდეგ მოსამართლე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გაგრძელდება ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის განხილვა ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულებს წერილობითი თანხმობა დაფიქსირებული აქვთ ბრალდბულების მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელების თაობაზე, სასამართლო მოისმენს რეალურად ჩვენების სახით მიცემულ თანხმობას. იგეგმება ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენების მოსმენა, რა დროსაც ის დააფიქსირებს, აქვს თუ არა სურვილი ბრალდებულებზე გავრცელდეს ამნისტიის კანონი. ამის შემდეგ სასმართლოს მოუწევს გადაწყვეტილება მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე“, – განაცხადა ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი 11 იანვარს შეეცვალათ. მათ ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.