გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის ზომას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის ზომას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს მიმართ სასჯელის ზომას მოსამართლე დღეს გამოაცხადეს.

არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უსამართლოა,, ვინაიდან, მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს. ადვოკატის თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს.

„ამ პროცესზე არის სასჯელის განსაზღვრა. ბატონმა სტურუამ არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო და მან უდანაშაულო ადამიანსა და მის კარიერას შორის არჩევანი გააკეთა. სტურუამ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის გზა ხსნილი აქვს. მან მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ამ განაჩენს ზედა ინსტანციებში აუცილებლად გავასაჩივრებთ და სამომავლოდ სტრასბურგის სასამართლო ამ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს, რომ ის უკანონო და დაუსაბუთებელია. ჩვენი ერთადერთი მოლოდინია, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრა დროულად გამოაცხადოს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს იქნება ცხრა, ათი თუ 11 წელი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, როდესაც უდანაშაულო ადამიანს განზრახ მკვლელობისთვის უსჯი და არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არ გავჩერდებით, ბრძოლას გავაგრძელებთ და მივაღწევთ იმას, რომ სტურუას გადაწყვეტილება შეფასდეს, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი. არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარის მიერ იყო წარმოდგენილი, არ ადასტურებს გიორგი შაქარაშვილის არასრულწლოვანთან შემხებლობას. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ იქ ფიზიკური დაპირისპირება და შემდგომ უკვე წყალში ჩაგდება იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, მათგან სამს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ კი სასჯელის ზომა გამოცხადდება.