ახალგორის გამგებელი - ტატუნაშვილის ცხედარზე, სახესა და ხელებზე აშკარაა ძალადობის ნიშნები
ახალგორის გამგებელი - ტატუნაშვილის ცხედარზე, სახესა და ხელებზე აშკარაა ძალადობის ნიშნები

ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ, ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ტატუნაშვილს ჯერ წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ, ხოლო შემდეგ ქანდის იმ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომელიც 2008 წლის შემდეგ დევნილი მოსახლეობისთვის გამოიყო.

„დაკრძალვა შაბათს იქნება. ჯერ გადავასვენებთ წეროვანში, წმინდა გიორგის ეკლესიაში და იქიდან დაკრძალავენ ქანდის სასაფლაოზე, რომელიც გამოყოფილია 2008 წლის შემდეგ დევნილთათვის და იკრძალება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დევნილიბაში ცხოვრობს“, – განაცხადა თინიკაშვილმა.

რაც შეეხება ცხედრის მდგომარეობას, ახალგორის გამგებლის თქმით, ექსპერტიზის შედეგები დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა როგორც თინიკაშვილი აცხადებს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დაზიანებები სახესა და ხელზე აღენიშნება.

„უახლოეს ორ კვირაში გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, კვალიფიციური და ერთად გავეცნობით, თუმცა სახეზე და ხელებზე აშკარაა ძალადობის ნიშნები“, – განაცხადა თინიკაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა შვიდ საათზე მეტ ხანს უტარდებოდა. პროცესს სამხარაულის ექსპერტების გარდა, ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო.

ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 20 მარტს ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ქუტაშვილი და პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.