ნუგზარ თინიკაშვილი - ახალგორის მოსახლეობა გაუგებრობაშია, უთხრეს, რომ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა იგეგმება
ნუგზარ თინიკაშვილი - ახალგორის მოსახლეობა გაუგებრობაშია, უთხრეს, რომ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა იგეგმება

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგორის მოსახლეობის ნაწილი გააფრთხილეს, რომ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა იგეგმება. ამის შესახებ აცხადებს ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი, რომლის თქმითაც, მოსახლეობა გაუგებრობაშია.

„გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილი გააფრთხილეს, რომ უნდა დაიკეტოს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი. გარკვეული ნაწილი მოსახლეობის აქეთ გამოვიდა, ბევრი აქ მყოფი იქით გადავიდა. გაუგებრობაშია მოსახლეობა. თუმცა, მგონია რომ დაკეტვა ხანგრძლივი არ უნდა იყოს, ვინაიდან ეს თვითონაც არ აწყობთ. თავადაც დაზარალდებიან. მოსახლეობა მთლიანად მარაგდება ჩვენგან სურსათით, მედიკამენტებით და ა.შ. მიმდინარე წლის დასაწყისში ორთვიანმა ჩაკეტვამ ეს გვაჩვენა და თვითონაც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამის გაკეთება არ იქნება სასურველი არავისთვის.

რაც შეეხება ჩაკეტვის მიზეზს, ასეთ მიზეზებს არ ასახელებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდით უნდა დაიკეტოს“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილი.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ახალგორის მცხოვრებლებს ოკუპანტები ეუბნებიან, რომ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა განუსაზღვრელი ვადით არის დაგეგმილი.