ნუგზარ თინიკაშვილი - ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა შეშინებულია, რომ ავად გახდომის შემთხვევაში, დახმარებას ვერ აღმოუჩენენ
ნუგზარ თინიკაშვილი - ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა შეშინებულია, რომ ავად გახდომის შემთხვევაში, დახმარებას ვერ აღმოუჩენენ

​ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.

მისივე თქმით, უნდა მოიხსნას შეზღუდვა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გადაადგილებაზე. იქ მცხოვრები ადამიანები შეშინებულნი არიან, რომ ავად გახდომის შემთხვევაში, დახმარებას ვერ აღმოუჩენენ.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გუშინწინ საღამოს გახდა ცუდად მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა. ის ჩამოიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში. ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა.

არ ვიცი, რა დიაგნოზი ჰქონდა ამ ქალბატონს, მაგრამ დიდი ალბათობით, ის რომ დროულად გადმოეყვანათ თბილისში და ჩვენთან კვალიფიციური მკურნალობა ჩატარებოდა, ცოცხალი იქნებოდა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო და ვთხოვო, ვისაც ხელეწიფება ამ საქმის მოგვარება, იქნებ მოგვარდეს დროულად გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ახალგორის მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ მცხოვრები ადამიანები არიან ძალიან დათრგუნული, შეშინებული და ყველას, დაახლოებით 1 200 ადამიანს, აქვს იმის მოლოდინი, რომ თუ ავად ან შეუძლოდ გახდა, სიკვდილი გარდაუვალი იქნება. მათ არ აქვს მოლოდინი, რომ კვალიფიციურ მკურნალობას მიიღებენ“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.