ახალგორის გამგებელი - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ახალგორის გამშვები პუნქტი 63 დღე ჩაკეტილი იყო
ახალგორის გამგებელი - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ახალგორის გამშვები პუნქტი 63 დღე ჩაკეტილი იყო

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ახალგორის გამშვები პუნქტი 63 დღე ჩაკეტილი იყო.

მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ ახალგორის გამშვები პუნქტი ამდენი ხნით ჩაკეტილი არ ყოფილა.

„როკის გვირაბის მხრიდანაც გზა გადაკეტილი იყო ზვავის ჩამოწოლის გამო და შეიქმნა სურსათისა და მედიკამენტების ორკვირიანი დეფიციტი. შემდეგ ცხინვალიდან შემოიტანეს სურსათი, თუმცა მედიკამენტებისა და ბავშვთა კვების მხრივ, სერიოზული დეფიციტი იყო. არც ახლა არის კარგი მდგომარეობა, თუმცა რუსეთიდან შემოტანილი სურსათი რჩება.

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მოსახლეობა. ბევრს სჭირდებოდა სამედიცინო მომსახურება და ვერ მიიღო. როგორც ვიცი, ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციამ გააკეთა 200-კაციანი სია, ვინც დატოვა ოკუპირებული ტერიტორია. 20, 21 და 22 თებერვალს ამ ადამიანებმა მოახერხეს გადმოსვლა. მათ შორის იყო 21 მოსწავლე და ხუთი სტუდენტი. სამი დღის განმავლობაში გზა ცალმხრივად იყო გახსნილი და მხოლოდ ამ სიებში მოხვედრილმა ადამიანებმა შეძლეს ტერიტორიის დატოვება. დღეს ახალგორის მოსახლეობა გახარებულია, საგაზაფხულო სამუშაოები იწყება და საკუთარ კარმიდამოს მიხედავს“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი დღეს გახსნა. დე ფაქტო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი 11 იანვარს ჩაკეტა და ამის მიზეზად გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე დასახელა.