აკაკი ბობოხიძე - ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ვთავაზობთ არა ერთ და ორ მოდელს, რომლებიც იძლევა გარანტიას, რომ მცირერეიტინგიან პარტიას ხელისუფლების დაკომპლექტების თეორიული შანსიც არ ჰქონდეს
აკაკი ბობოხიძე - ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ვთავაზობთ არა ერთ და ორ მოდელს, რომლებიც იძლევა გარანტიას, რომ მცირერეიტინგიან პარტიას ხელისუფლების დაკომპლექტების თეორიული შანსიც არ ჰქონდეს

ჩვენ მზად ვართ გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულობის ფარგლებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ვთავაზობთ არა ერთ და ორ მოდელს, რომლებიც იძლევა გარანტიას, რომ მცირერეიტინგიან პარტიას ხელისუფლების დაკომპლექტების თეორიული შანსიც არ ექნება, რადგან ქვეყანას სჭირდება მართავდეს მთავრობა, რომელსაც აქვს რეიტინგი. რაც შეეხება როდის შედგება, შედგება მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ იქნება მზად. ჩვენ მზად ვართ ყოველ წუთს და არამარტო ახლა. როდის მოემზადება „ქართული ოცნება“ შეხვედრისთვის, არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ვემზადებით შეხვედრისთვის“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისი თქმით, 100/50-ზე, 77/73-ზე და 110/40-ზე მოდელები პრინციპულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, ვილაპარაკოთ რიცხვებზე. უნდა იყოს 100-50, 120-30 თუ 70-90. ჩვენ ვამბობთ, რომ სისტემა არ უნდა იძლეოდეს საშუალებას, 30-პროცენტიანმა პარტიამ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება, დღევანდელი სისტემა იძლევა შანსს, რომ 10-პროცენტიანმა პარტიამაც კი ლამის საკონსტიტუციო უმრავლესობით დააკომპლექტოს მთავრობა მაჟორიტარების გამარჯვების ხარჯზე. ჩვენი პრინციპი არის მარტივი – მაჟორიტარების რაოდენობა საერთო რაოდენობაში უნდა იყოს იმდენი, რომ არანაკლებ 40-45 პროცენტის მიღების შემთხვევაში, პარტია ვერ უნდა აკომპლექტებდეს მთავრობას, ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „ქართული ოცნება“ თუ რომელიმე სხვა პარტია.
თავისი არსით, ის, რაც ჩვენ გავაგზავნეთ ოდირ-ში არის გერმანული მოდელი, ოღონდ იმის გამო, რომ სრულად გერმანულ მოდელზე გადასვლას სჭირდება, რომ კონსტიტუციაში არ იყოს დაფიქსირებული პარლამენტის წევრების ზედა ზღვარი – 150, სწორედ ამის გამო მოგვიხდა მისი მოდიფიცირება და მორგება ქართულ კონსტიტუციაზე. თუ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მზად არის კონსტიტუციის ცვლილებისთვის, რადგან ის მოდელი, რომელსაც ისინი გვთავაზობენ – 100/50-ზე საჭიროებს კონსტიტუციის ცვლილებას, მაშინ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ გერმანულ მოდელს სრულად და მოვხსნათ ის მოდიფიცირებაც კი, რომელიც დაგვჭირდა საქართველოს კონსტიტუციაზე მოსარგებად“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე განმარტებით, სრულად გერმანული მოდელის განხორციელების პრობლემას ქმნის კონსტიტუციაში არსებული სწორედ ის დათქმა, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა არის 150.