ცესკო-ში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ცესკო-ში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო-ს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საარჩევნო პროგრამის კოორდინატორს ფრანკ დეშლერს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და პროექტების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსს, ლირი კოპაჩი დი მიშელს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა და მხარეებმა ცესკო-სა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ცესკო-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ პროექტებს, რომლებიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და მადლობა გადაუხადა მათ პარტნიორობისა და საარჩევნო პროცესების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

გიორგი კალანდარიშვილმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ასევე გააცნო ინფორმაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და აღნიშნა, რომ პარლამენტის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ცესკო აქტიურად ემზადება.

ინტენსიურად გრძელდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია და საგანმანათლებლო პროექტები. ცესკო-ს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებთან ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას.

ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.