მაკა ბოჭორიშვილი - საარჩევნო კანონმდებლობაში ახლაც იგეგმება გარკვეული ცვლილებები, რათა მაქსიმალურად ვუპასუხოთ რეკომენდაციებს, რაც ამ დრომდე იყო გაცემული საქართველოსთან მიმართებაში
მაკა ბოჭორიშვილი - საარჩევნო კანონმდებლობაში ახლაც იგეგმება გარკვეული ცვლილებები, რათა მაქსიმალურად ვუპასუხოთ რეკომენდაციებს, რაც ამ დრომდე იყო გაცემული საქართველოსთან მიმართებაში

ახლაც იგეგმება საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები, რათა მაქსიმალურად ვუპასუხოთ იმ რეკომენდაციებს, რაც ამ დრომდე იყო გაცემული საქართველოსთან მიმართებაში, რომ არ დავტოვოთ სივრცე, სადაც, ვთქვათ, კითხვის ნიშანი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია და, პირველ რიგში, ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ შენს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი, მივიდნენ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირებაში არავინ და არაფერმა არ შეუშალოს ხელი. შენ, რაც შეგიძლია, გააკეთო, ეს გარემო უნდა უზრუნველყო იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩაითვალოს თავისუფლად. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ საარჩევნო კანონმდებლობა იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან თუ იმ სტანდარტებთან ახლოს, რაც განსაზღვრულია ეუთო/ოდირის მიერ და ამ კანონმდებლობაში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რაც საქართველოსთან მიმართებაში გაიცა, მაგალითად, წინა არჩევნების შემდგომ. ამას ვაკეთებთ, გავაკეთეთ ძალიან დიდი სამუშაო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, მანამდეც გაკეთდა გარკვეული ცვლილებები კანონმდებლობაში, 2020 წლის არჩევნების შემდგომ და ახლაც იგეგმება გარკვეული ცვლილებები იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვუპასუხოთ იმ რეკომენდაციებს, რაც ამ დრომდე იყო გაცემული საქართველოსთან მიმართებაში, რათა არ დავტოვოთ სივრცე, სადაც, ვთქვათ, კითხვის ნიშანი იქნება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამ განცხადებით მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ რა კეთდება ხელისუფლების მიერ 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რა მოლოდინი აქვს ჩვენგან ევროკავშირს და რა შემთხვევაში ჩაითვლება არჩევნები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად.