აკაკი ბობოხიძე - მდარე პოპულიზმის და პიარის სუნი უდის, როცა ტელევიზიიდან ვიგებთ რაღაც შემოთავაზებებს, ჯერ ვერ გავიგეთ, ოპოზიციის წარმომადგენლები რა ტიპის ერთობას გვთავაზობენ
აკაკი ბობოხიძე - მდარე პოპულიზმის და პიარის სუნი უდის, როცა ტელევიზიიდან ვიგებთ რაღაც შემოთავაზებებს, ჯერ ვერ გავიგეთ, ოპოზიციის წარმომადგენლები რა ტიპის ერთობას გვთავაზობენ

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა ხელი შეაწმინდეს ნიკა მელიას და თქვეს, რომ მელიას პატიმრობის გამო, იძულებული იყვნენ, ხელი მოეწერათ 43-პროცენტიანი შეთანხმებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

ბობოხიძის თქმით, ნიკა მელია ოპოზიციის წარმომადგენლებს პირიქით, ციხიდან უთვლიდა, მისი გამოსვლის სანაცვლოდ რაიმე არ დაეთმოთ.

„რატომღაც ავიწყდებათ და მგონი, ერთადერთი კაცი ვარ, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიკა მელიას ღირსებას იცავს. ხელი შეაწმინდეს ნიკა მელიას, როცა თქვეს, ჩვენ რომ არ დავთანხმებულიყავით 43 პროცენტს, ნიკა მელია დარჩებოდა ციხეში. ამ დროს, ნიკა მელია პირიქით, ციხიდან უთვლიდათ, რომ ჩემი გამოსვლა-არ გამოსვლა არ გახადოთ სავაჭრო თემა და ჩემი გამოსვლის სანაცვლოდ, რაიმე არ დათმოთ. ანუ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა სინამდვილეში ხელი შეაწმინდეს ნიკა მელიას და თქვეს, რომ მელიას პატიმრობის გამო, იძულებული ვართ, ხელი მოვაწეროთ 43-პროცენტიან შეთანხმებასო. მელია გამოიყვანეს მიზეზად“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსებს არ ახსოვთ უახლოესი წარსულიც კი და სამწუხაროდ, ამომრჩეველიც მოკლე მეხსიერებით ხასიათდება.

„მე ვიცნობ პაატა მანჯგალაძეს და მგონია, რომ არ იტყუებოდა, მაგრამ ცდებოდა, არ ახსოვს კარგად, 2021 წელს შეთანხმებაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ყოფილა, პირიქით, გაემიჯნა შეთანხმებას, მხარი არ დაუჭირა საერთო შეთანხმებებს თბილისში. სამწუხარო ისაა, რომ ადამიანებს არ ახსოვთ უახლოესი წარსულიც კი, არ ახსოვთ არა მარტო პოლიტიკოსებს, რას ლაპარაკობდნენ გუშინ, გუშინწინ რა პოზიციები ჰქონდათ, მათ შორის პაატა მანჯგალაძესაც…სამწუხაროდ, ამომრჩეველიც მოკლე მეხსიერებით ხასიათდება, ასე ჩანს. მინდა, ქალბატონ ხატიას ვუპასუხო, სწორია, წარმატებული იყო ქუთაისში მისი კამპანიაც და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების კამპანიაც. სამწუხაროდ, „ნციონალურმა მოძრაობამაც“ ვერ გამოიტანა სწორი დასკვნა. ანალიზს არ აკეთებს, რამ განაპირობა მათი წარმატება. წარმატება განაპირობა იმან, რომ „გირჩის“ და „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველმა, მართალია, მცირერიცხოვანმა, მაგრამ მაინც მისცა ხმა იმ მაჟორიტარებს, რომლებიც დასახელებული იყო „ნციონალური მოძრაობისგან“, მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა სამწუხაროდ, შეთანხმება არ დაიცვა. ეტყობა, არც ლიდერებმა მოსთხოვეს მაინცდამაინც და შეთანხმებულმა კანდიდატებმა „ევროპული საქართველოდან“, რომლისთვისაც ასევე მხარი უნდა დაეჭირა „ნაციონალებს“, შეთანხმებულმა კანდიდატმა „გირჩიდან“, რომლისთვისაც ასევე უნდა დაეჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, იმის მესამედიც კი ვერ მიიღო, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა და მათმა ლიდერებმა შეთანხმება არ დაიცვეს, ასევე 2021 წელს პირიქით, გიორგი ვაშაძე აღმოჩნდა შეთანხმების გარეთ. არაფერს ვიტყვი შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომელიც ყველაზე დიდი დარღვევა მგონია“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, წარსული შეცდომების გათვალისწინებით, რამდენად არსებობს შანსი, ახალი გაერთიანების გარშემო კონსულტაციებში ჩაერთოთ?, – ბობოხიძე ამბობს, რომ ჯერ ისიც ვერ გაიგეს, რა ტიპის ერთობას სთავაზობენ. „გარდა ტერმინისა, რომ უნდა შევთანხმდეთ, რამე გაიგეთ, რა იგულისხმება შეთანხმებაში?“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ. რაც შეეხება კითხვას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას სამეულიდან რომელიმემ სცადა პირადად თქვენთან კომუნიკაცია?, – ბობოხიძე პასუხობს, რომ ჯერ კომუნიკაცია არ შემდგარა. „არ არის ჯერ ეს კომუნიკაციები, უბედურებაც ეგ არის სხვათაშორის, ამიტომ მეპარება ეჭვი, რომ ამას მდარე პოპულიზმის და პიარის სუნი უდის, როცა ტელევიზიიდან ვიგებთ რაღაც შემოთავაზებებს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ და დასძინა, რომ არ იცის, რისთვის უნდა სჭირდებოდეთ მათ პოპულისტური განცხადებები.

„არვიცი, რადგან სამეული აპირებს გაერთიანებას, პირობითად ვამბობ, ერთ საარჩევნო ბლოკად და თან უნდათ, რომ კარგ სამეულად გამოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა რაიმე ტიპის სხვა გაერთიანება“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება, თავისი გემოვნების მიხედვით მისცეს პარტიებს ხმა.

„მომავალი არჩევნები პროპორციული არჩევნებია, განსხვავებით 2020-2021 წლებისგან, სადაც სისტემის შესაბამისად ვთავაზობდით ოპოზიციურ პარტიებს ერთობის ფორმას, ახლა გასაანალიზებელია, ღირს კი, გახარია და ბობოხიძე ერთ სიაში იყოს? მისცემენ კი 20 ივნისს თვალებდათხრილი ადამიანები ხმას იმ სიას, რომელშიც გახარია და მისი პარტია იქნება? პრაიმერიზი შეიძლება, ჩატარდეს მხოლოდ იმისთვის, ვინ უნდა იყოს სიაში, ეგეც არ ვიცი, რას გვთავაზობს. პრაიმერიზი რომც ჩატარდეს, რომელიღაც პარტიის ამომრჩეველი დარჩება უკმაყოფილო და შემდეგ მისცემს ხმას იმ პარტიას, რომელშიც საერთოდ არ არის მისი წარმომადგენელი? უნდა შევხედოთ, როგორია ამომრჩევლის სპექტრი და მივცეთ საშუალება ამომრჩეველს, თავისი გემოვნების მიხედვით მისცეს პარტიებს ხმა. ნებისმიერი ხმა, რომელიც არ წავა ივანიშვილთან, არის ივანიშვილის საწინააღმდეგო. „ევროპული საქართველო“ მზად არის, განიხილოს ნებისმიერი წიანდადება, მიუხედავად იმისა, რომ ნდობის ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს ამ ადამიანების მიმართ. ბატონი გიორგი იძახის, თავზე დაგვახიეს შარ მიშელის დოკუმენტი, რაღა მინდა ამ პარლამენტშიო, მიშელის დოკუმენტი ხელმოწერის მეორე დღესვე დაგვახიეს თავზე“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძე საპარლამენტო ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით ასევე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც სხვისკენ იშვერენ ხელს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, სხვები თუ დატოვებენ, მეც დავტოვებო, გიორგი ვაშაძე იძახის, სხვა თუ დატოვებს, მეც დავტოვებო. მოდი, ყველამ მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება თვითონ. „ევროპული საქართველო“ კატეგორიულად ითხოვდა პარლამენტის დატოვებას მაშინ, როცა ევროპიდიან კრიზისული შეფასება არ ისმოდა ჩვენ მიმართ და მაშინ გვეუბნებოდნენ, ევროპელები ვერ გაგვიგებდნენ. ჩვენ კიდევ ვეუბნებოდით, ევროპას, პარტნიორებს უნდა უთხრათ, რომ საქართველოში არის კრიზისი და კრიზის გაფორმებისთვის ვითხოვდით პარლამენტის დატოვებას, მიუხედავად იმისა, პარტნიორებს ეს მოეწონებოდათ თუ – არა. საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე ისეთი შეფასება გაუკეთეს საქართველოში არსებულ სიტუაციას, რომელიც ჩვენც კი არ მოგვითხოვია – უფრო მძიმე…ჩვენ მაინც ვითხოვთ პარლამენტის დატოვებას, ახლა მხოლოდ მორალური მნიშვნელობა აქვს ამ ნაბიჯს. ჩვენ ამორმჩეველს უნდა ვუთხრათ, თუ არჩევნებს გაგვიყალბებენ, ვიბრძოლებთ ბოლომდე“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.