აკაკი ბობოხიძე - ხაბეიშვილმა 2016 წელს „ნაცმოძრაობა“ თურმე იმიტომ დატოვა, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი მიშას „ახევდნენ“ პარტიას, ეს ტყუილია, მიშას ერთგულებაზე თავის დამდებ კაცს პარტიაში უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა
აკაკი ბობოხიძე - ხაბეიშვილმა 2016 წელს „ნაცმოძრაობა“ თურმე იმიტომ დატოვა, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი მიშას „ახევდნენ“ პარტიას, ეს ტყუილია, მიშას ერთგულებაზე თავის დამდებ კაცს პარტიაში უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა

სამარცხვინოდ მიგვაჩნია ის ხაზი, რა ხაზის ირგვლივაც დღეს „ნაციონალურ მოძრობაში“ ურთიერთდაპირისპირება მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაპირისპირება მიმდინარეობს არა იდეების, ღირებულებების, ქვეყნის ინტერესების ირგვლივ, არამედ რომელიღაც ლიდერის, ბელადის ინტერესების დასაცავად.

ამასთან, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს, როდესაც 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლის მიზეზებზე საუბრობს.

„ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ 2016 წელს „ნაცმოძრაობა“ დატოვა იმის გამო, თურმე ბოკერია და ჩერგოლეიშვილი მიშას „ახევდნენ“ პარტიას. სამარცხვინოდ მიგვაჩნია ის ხაზი, რა ხაზის ირგვლივაც დღეს „ნაციონალურ მოძრობაში“ ურთიერთდაპირისპირება მიმდინარეობს. ეს არის დაპირისპირება არა იდეების, ღირებულებების, ქვეყნის ინტერესების ირგვლივ, არამედ სწორედ ამ ხაზის, რაც ხაბეიშვილმა რატომღაც სცადა, გადმოეტანა ევროპულ საქართველოსთან ურთიერთობაშიც, რომ რომელიღაც ჯგუფი თურმე მიშას კვლავ უპირებს პარტიის „ახევას“ და პოლიტიკაში ბრძოლა მიდის არა ღირებულებებისთვის, არამედ რომელიღაც ლიდერის, ბელადის ინტერესების დასაცავად. ეს მიგვაჩნდა სამარცხვინოდ, მიგვაჩნია სამარცხვინოდ და დღესაც ვთვლით, რომ „ნაცმოძრაობაში“ ამ ხაზით მიმდინარე პროცესი არის სამარცხვინო.

ტყუილია, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისი გასვლის მიზეზი. გასვლის მიზეზებზე საუბრობს გიორგი ვაშაძე, რომელსაც გაჰყვა ლევან ხაბეიშვილი და საუბრობს ხაბეიშვილიც. ამისი არქივი არსებობს. არსად, არცერთი სიტყვით ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება ნახსენები არ არის. მეტიც, თუ ეს დაპირისპირება არსებობდა, მაშინ მიშას ერთგულებაზე თავის დამდებ კაცს, რომელიც დღეს ამით აპელირებს და ამით აპირებს „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე გამარჯვებას, პარტია კი არ უნდა დაეტოვებინა, პირიქით, პარტიაში უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა მიშას მხარდასაჭერად.

დაბოლოს, ნახევრად ირონიით, კაცი, რომელიც გაექცა ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას „ნაციონალურ მოძრაობაში“, რამდენად გამოდგება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერად. ეს მიმინდვია საზოგადოებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ხვალ უნდა გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში. ლევან ხაბეიშვილი ერთ ჩვეულებრივ მატყუარად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ამასთან, აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ხაბეიშვილი ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.

„ხაბეიშვილმა კიდევ უფრო უცნაური რამ თქვა – თუ საჭირო იქნება, მზად არის, ფიზიკურად დაიცვას სააკაშვილი. როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ჯერჯერობით არ საჭიროებს შევარდნას და დახმარებას, მხარდაჭერას. ანუ, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჯერ მოთმენადია და არც სადმე შევარდნაა საჭირო და არც რაიმე აქტიური მოქმედებების, ღონისების გატარება, რადგან როგორც კი ამის საჭიროება იქნება, თურმე ის შევარდება სადღაც.

ბუნებრივია, ეს გულზე მჯიღის რტყმევა დამთავრდება 29 იანვარს. ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული „ნაციონალურ მოძრაობაში“, ორივე მხარე მიშას სახელით სპეკულირებას თავს დაანებებს, სულ მცირე, არჩევნებამდე, ვინაიდან მიშას სახელით სპეკულირება სჭირდებათ ძალაუფლების მოსაპოვებლად, ხოლო ძალაუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ისინი იყვნენ მემკვიდრეები იმ ხმების, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ბრენდს აქვს. ბრენდს, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ძალასთან ასოცირდება“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.