აღმოჩენილია უძველესი წარწერა, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი რამ გვითხრას ანბანის ისტორიის შესახებ — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია უძველესი წარწერა, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი რამ გვითხრას ანბანის ისტორიის შესახებ — #1tvმეცნიერება

ისრაელში, არქეოლოგიურ ძეგლ თელ-ლახიშზე აღმოჩენილ ქილაზე გაკეთებული ანბანური წარწერები დაახლოებით 3450 წლის წინანდელია. მკვლევართა განცხადებით, ის შეიძლება „ნაკლულ რგოლს“ წარმოადგენდეს ანბანის ისტორიაში.

„წარწერა ძვ. წ. მე-15 საუკუნით თარიღდება და ამჟამად, საიმედოდ დათარიღებული უძველესი ანბანური წარწერის ნიმუშია“, — წერს მკვლევართა ჯგუფი ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელსაც ავსტრიის არქეოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგი ფელიქს ჰოფლმაიერი ხელმძღვანელობდა.

უძველესი წარწერა, რომელიც ბგერების გამოსახვისთვის ასოების სისტემას, ანუ ანბანს იყენებს, ეგვიპტეშია აღმოჩენილი და მე-12 დინასტიით, ძვ. წ. 1981-1802 წლებით თარიღდება. როგორც ჰოფლმაიერი წერს, დაახლოებით ძ. წ. 1300 წლით დათარიღებული უფრო ბევრი ნიმუშია აღმოჩენილი ლევანტში (ზონა, რომელიც თანამედროვე ისრაელსაც მოიცავს).

მოგვიანებით, ანბანური სისტემა ბერძნებმა გადაიღეს, მათ შემდეგ რომაელები მიჰყვნენ. ანბანური სისტემის გამოყენება თანდათან სულ უფრო მეტ კულტურაში დაინერგა.

ბოლოს აღმოჩენილი წარწერა დაახლოებით ძვ. წ. 1450 წლით თარიღდება და მას „ნაკლულ რგოლს“ უწოდებენ, რადგან ავსებს იმ ნაპრალს, რომელიც ეგვიპტურ ადრეულ ანბანურ წარწერებსა და მოგვიანებით ლევანტში აღმოჩენილებს შორის არსებობს.

წარწერა ასევე გვთავაზობს გასაღებს იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ანბანი ლევანტში. მკვლევართა ჯგუფის ვარაუდით, ეგვიპტიდან ლევანტში ანბანი შეიძლება გაავრცელეს ჰიქსოსებმა, ჯგუფმა, რომელიც ჩრდილოეთ ეგვიპტეში ძვ. წ. 1550 წლამდე ბატონობდა.

მათი მოსაზრება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ჰიქსოსები ერთდროულად აკონტროლებდნენ როგორც ლევანტს, ისე ჩრდილოეთ ეგვიპტეს. მოსაზრება ასევე ეყრდნობა იმ ფაქტსაც, რომ ქილაზე ასოების გამოსახვისთვის იეროგლიფური სიმბოლოებია გამოყენებული.

ახლად აღმოჩენილი ანბანური წარწერა საკმაოდ მოკლეა: პირველი სიტყვა შეიცავს ასოებს „აინ“, „ბეტ“ და „დალეტ“, მეორე სიტყვა კი „ნუნ“, „პე“ და „ტავ“.

ყველა ეს ასო ადრეულ სემიტურ ანბანს ეკუთვნის, რომელსაც ერთ დროს არაბეთის ნახევარკუნძულზე იყენებდნენ; ისინი თანამედროვე ებრაულ ენაშიც გვხვდება, თუმცა ამჟამინდელი სიმბოლოები განსხვავებულია.

ზოგიერთი ამ ასოს გამოსასახად მწერალს იეროგლიფური სიმბოლოები აქვს გამოყენებული; მაგალითად, „აინი“ გამოსახულია იეროგლიფური სიმბოლოთი, რომელიც თვალს ჰგავს.

„სამხრეთ ლევანტის სხვა უმეტესი ადრეული ანბანური წარწერის მსგავსად, ასო წრიული ფორმისაა, წააგავს თვალის ირისს, რომელსაც გუგა აკლია“, — წერს მკვლევართა ჯგუფი.

ჯერ დაზუსტებით არ იციან, რას ნიშნავს ქილაზე დაწერილი სიტყვები, მაგრამ ვარაუდობენ, რომ წერია ორი სახელი. ამ წარწერას „ნაკლული რგოლი“ უწოდეს იმიტომ, რომ ის დაახლოებით 3450 წლის წინანდელია, პირველი ანბანური სიმბოლოები ეგვიპტეში დაახლოებით 3900 წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ ლევანტში ისინი ჩვენთვის მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ, 3300 წლის წინ ჩნდება.

პირველ სიტყვაში ასოებით შეიძლება იკითხებოდეს „სლეივ“. მკვლევართა აზრით, შემორჩენილი ასოები უფრო გრძელი სიტყვის ნაწილია.

წარწერა არქეოლოგებმა 2018 წელს, თელ-ლახიშში, უძველეს საფორტიფიკაციო ნაგებობასთან აღმოაჩინეს. იმ ქილის ფრაგმენტების გვერდით, რომელზეც წარწერებია, მკვლევრებმა ასევე მიაგნეს ქერის ნარჩენებს; რადიონახშირბადული დათარიღებით ირკვევა, რომ ქერი დაახლოებით ძვ. წ. 1450 წელს არის მოწეული.

თუმცა, როგორც თელ-ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი ბენიამინ სასი შენიშნავს, ქერის მიხედვით წარწერის დათარიღება შეიძლება ზუსტი არ იყოს, რადგან არ არის გამორიცხული, ქერი ქილაზე წარწერის გაკეთების შემდეგ იყოს მოწეული.

კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.