აღმოჩენილია ადრეული სამყაროს უიშვიათესი „ცეცხლის სარტყელი“ გალაქტიკა
აღმოჩენილია ადრეული სამყაროს უიშვიათესი „ცეცხლის სარტყელი“ გალაქტიკა

ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც სამყაროს ადრეულ დღეებში, 10,8 მილიარდი წლის წინ, საზარელ კოსმოსურ „ჩხუბში“ მოყვა. უმეტეს გალაქტიკათა მსგავსად, იგი სულაც არ არის ვარსკვლავებით სავსე ბურთულა ან დისკო, უფრო დონატის გიგანტურ ფუნთუშას ჰგავს, ცენტრში გაჭრილი უზარმაზარი ხვრელით.

ასეთი მახასიათებლების გამო, ის გალაქტიკათა უიშვიათეს ტიპს. ე. წ. რგოლისებრ გალაქტიკებს მიეკუთვნება. გარდა ამისა, ის უიშვიათესია ამ ტიპშიც, რადგან მისი ფორმა გამოჭედა არა შიდა პროცესებმა, არამედ შეჯახებამ, რადგან მთლიანი გული სხვა გალაქტიკამ გააცალა მასში გავლისას.

ამ გალაქტიკას R5519 უწოდეს და შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ჩვენთვის ცნობილი პირველი გალაქტიკაა, რომელიც რამდენიმე ასეულ სინათლის წელზე შორს მდებარეობს. შედეგად, ის ერთადერთი ასეთი ობიექტია ადრეულ სამყაროში.

„იმდენად საკვირველი ობიექტია, რომ აქამდე მსგავსი არაფერი გვინახავს. ის უცნაური და ამავდროულად საკმაოდ ნაცნობია“, — ამბობს ასტრონომი ტიანტიან იუანი.

R5519-ის გარე რგოლის კიდე საკმაოდ ვრცელია — სიგანეში დაახლოებით 42 400 სინათლის წელს აღწევს. გალაქტიკის შუაში ამოჭრილი ხვრელის დიამეტრი დაახლოებით 17 612 სინათლის წელია და იქ არსად შეიმჩნევა ვარსკვლავებით სავსე ამოზნექილობა, რაც როგორც წესი, გალაქტიკათა ცენტრში გვხვდება.

არსებობს ნიშნები, რომლებიც მის სასტიკ წარსულზე მიუთითებს.

ზოგიერთ რგოლისებრ გალაქტიკას შედარებით მშვიდობიანი ფორმაციის პროცესი აქვს; ისინი წარმოქმნილია ისეთი პროცესების შედეგად, როგორებიცაა ორბიტული რეზონანსი ან მისი მატერიის შთანთქმა სხვა ახლომდებარე გალაქტიკის მიერ.

როგორც წესი, ასეთი რამ ძირითადად ე. წ. ფირფიტიან გალაქტიკებში ხდება, R5519-ში კი ასეთი ფირფიტა არ შეიმჩნევა. ბირთვი განადგურებული არ არის არც აკრეციის პროცესის შედეგად, როგორც ეს გალაქტიკა NGC 7742-ში და ჰოაგის ობიექტში შეიმჩნევა.

გარდა ამისა, R5519-ის რგოლში მაღალია ვარსკვლავთწარმოქმნის მაჩვენებელი — იქ ყოველწლიურად ჯამში 80 მზის მასის წონის ვარსკვლავი იბადება. ეს კი გრავიტაციულ დანგრევაზე მიუთითებს, რაც R5519-ში სხვა გალაქტიკის გავლას უნდა მოეხდინა, რის შედეგადაც, სიმკვრივის ტალღები რადიალურად, გარე მიმართულებით უნდა გავრცელებულიყო.

ამ ტალღებს უნდა მოეხდინა გალაქტიკის გაზისა და მტვრის დარტყმა და კონდენსირება, რაც ვარსკვლავთწამროქმნას გააადვილებდა გაზისა და მტვრის გროვების კოლაფსის გზით, რომელიც შემდეგ ჩვილ ვარსკვლავებად გადაიქცევა.

ადგილობრივ სამყაროში ამ ტიპის რგოლისებრი გალაქტიკები უიშვიათესია, 1000-ჯერ უფრო იშვიათი, ვიდრე ნაკლებად სასტიკი პროცესების შედეგად წარმოქმნილი რგოლისებრი გალაქტიკები. მკვლევართა განცხადებით, R5519-ის აღმოჩენა მიუთითებს, რომ შეჯახების შედეგად წარმოქმნილი რგოლისებრი გალაქტიკები ადრეულ სამყაროშიც ისეთივე იშვიათი იყო, როგორც ეს შემდეგ ხანებშია.

მისი აღმოჩენა ამავე დროს შესანიშნავ შანსს გვაძლევს ისეთი დისკოსებრი გალაქტიკების ფორმაციის შესასწავლად, როგორიც ირმის ნახტომია, რადგან როგორც სიმულაციები მიუთითებს, რგოლის წარმოსაქმნელად საჭიროა, რომ გალქტიკა ჯერ თხელი დისკო იყოს.

მეცნიერებს ამ დრომდე არ ეგონათ, რომ თხელი დისკოსებრი გალაქტიკები ადრეულ სამყაროშიც წარმოიქმნა, რადგან ჩვენ მიერ აღმოჩენილ იმდროინდელ გალაქტიკათა უმეტესობა ცხელი, აწეწილ-დაწეწილი გროვებია, რომლებსაც ბურთის ფორები აქვთ, ვარსკვლავები კი მათში ყველა მიმართულებით მოძრაობენ. მიიჩნეოდა, რომ მოწესრიგებული, დისკოსებრი გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან 4-6 მილიარდი წლის შემდეგ გამოჩნდა, დიდი აფეთქება კი 13,8 მილიარდი წლის წინ მოხდა.

თუმცა, წინა კვირაში ასტრონომებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს ასეთი მოწესრიგებული, დისკოსებრი გალაქტიკა, რომელიც ჩვენგან 12,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილით არის დაშორებული, ანუ, უკვე არსებობდა დიდი აფეთქებიდან 1,3 მილიარდი შემდეგ, რაც უბრალოდ გასაოცარია. ამჯერად 10,8 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე R5519-ის აღმოჩენა ასევე მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ადრეულ სამყაროში დისკოსებრი გალაქტიკები სულაც არ უნდა ყოფილიყო იშვიათი.

„თხელი დისკო სპირალურ გალაქტიკათა გადამწყვეტი კომპონენტია. მოწესრიგებამდე, გალაქტიკები არეულ მდგომარეობაში არიან და სულაც არ არიან ისეთი ამოცნობადი, როგორც სპირალური გალაქტიკები“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომი კენეთ ფრიმენი.

მისივე თქმით, ამ რგოლისებრი გალაქტიკის შემთხვევაში, ჩვენ 11 მილიარდი წლის წინანდელ სამყაროს ვუცქერთ, იმ პერიოდს, როდესაც თხელი გალაქტიკები ყალიბდებოდა. შედარებისათვის — ჩვენი გალაქტიკის თხელმა დისკომ წარმოქმნა მხოლოდ 9 მილიარდი წლის წინ დაიწყო.

როგორც ფრიმენი აღნიშნავს, ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ სპირალურ გალაქტიკათა დისკოების მოწყობა უფრო ვრცელ პერიოდში მიმდინარეობდა, ვიდრე აქამდე გვეგონა.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scienceinpublic.com.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი