აღმოჩენილია 100 მლნ წლის წინ ქარვაში განმარხებული, ამჟამად გადაშენებული ყვავილი — #1tvმეცნიერება
ზოგჯერ რაღაცას სათანადოდ იქამდე ვერ ვაფასებთ, ვიდრე არ გაქრება. Valviloculus pleristaminis-ი ამის ბრწყინვალე მაგალითია.
ეს იდუმალი, გადაშენებული ყვავილი მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს. ის შორეულ წარსულში, ცარცულ პერიოდში ყვაოდა. ყვავილის ნაშთი თითქოს დროშია გაჩერებული ქარვის ნატეხში, იმ დროიდან, როდესაც დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრები დააბიჯებდნენ.
„ეს სილამაზე ყვაოდა ტყეში, რომელიც ჩვენს პლანეტაზე 100 მილიონი წლის წინ არსებობდა“, — ამბობს ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი ჯორჯ პოინარ უმცროსი.
პოინარი ქარვის, როგორც ერთგვარი დროის კაფსულის შესაძლებლობათა წამყვანი მკვლევარია.
ოთხმოც წელს გადაცილებული ენტომოლოგი მსოფლიოში აღიარებულია მეცნიერად, რომელმაც პოპულარიზაცია გაუწია ფენომენს, როდესაც პრეისტორიული მწერები და ნემატოდები ხის წვენში იჭედებოდნენ გეოლოგიურ დროში. მისი იდეები პოპკულტურის ფანტაზიაში დიდად აიტაცეს და ამის მაგალითია ფილმი „იურული პარკიც“.
პოინარი დღემდე განსაცვიფრებელ საქმიანობას ეწევა. ბოლო წლებში მან აღწერა უძველესი, სისხლისმწოველი ტკიპები, აღმოაჩინა პრეისტორიულ მწერთა ახალი რიგები, შეისწავლა მალარიის წარმოშობა და აღმოაჩინა ჩვენთვის უცნობი, უძველესი ყვავილები.
V. pleristaminis-ი ახალი გვარის და სახეობის ყვავილს წარმოადგენს და და ყველაზე ბოლოს არის აღმოჩენილი სხვა პრეისტორიულ ყვავილთა ნამარხებს შორის.
„მამრობითი ყვავილი ციცქნაა, დაახლოებით 2 მმ სიგანის, მაგრამ აქვს სპირალის ფორმით განლაგებული 50-მდე მტვრიანა და ცისკენ მიმართული სამტვრეები“, — განმარტავს პოინარი.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ასე პატარაა, დეტალები გასაოცრად არის შენარჩუნებული. ეს ეგზემპლარი სავარაუდოდ მცენარეთა კლასტერს მიეკუთვნებოდა, რომელიც მრავალ მსგავს ყვავილს შეიცავდა, ზოგიერთი მათგანი კი მდედრობითიც უნდა ყოფილიყო.
ეს კონკრეტული ეგზემპლარი მიანმარში, ქარვის მაღაროში აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით 99 მილიონი წლის წინანდელ ზღვის დანალექოვან დეპოზიტებში იყო შემორჩენილი.
მკვლევართა განცხადებით, V. pleristaminis-ი ყვავილოვანი მცენარეების მაგალითია და სავარაუდოდ ეკუთვნოდა დაფნისნაირთა რიგს.
თუმცა, ეს უცნაური, გადაშენებული ყვავილი მხოლოდ ყვავილების ევოლუციის ისტორიის შესახებ ცნობებს როდი გვთავაზობს.
პოინარის განცხადებით, V. pleristaminis-ი და მიანმარის ქარვის ასეთი ყვავილოვანი ნამარხები შეიძლება ასევე დაგვეხმაროს უძველეს სუპერკონტინენტ გონდვანას საიდუმლოთა ამოხსნაში; სწორედ ამ კონტინენტზე აღმოცენდა პირველად მცენარეები.
სავარაუდოდო, V. pleristaminis-ი ერთ დროს ყვაოდა გონდვანის ნაწილში, რომელსაც დასავლეთ ბირმის ბლოკს უწოდებენ; ისტორიის გარკვეულ, უცნობ მონაკვეთში ის დანარჩენ სუპერკონტინენტს მოსწყდა.
ამ საკითხზე მკვლევართა შორის დიდი უთანხმოებაა; ზოგიერთი გეოლოგიური ჰიპოთეზის მიხედვით, კონტინენტს ეს ნაწილი 500 მილიონი წლის წინ გამოეყო.
თუმცა, პროფესორ პოინარის კვლევის მიხედვით, დასავლეთ ბირმის ბლოკი გონდვანას ადრეულ ცარცულ პერიოდამდე არ გამოყოფია, რადგან ყვავილოვანი მცენარეები დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ და გამრავალფეროვდნენ.
ამ საკითხის გარშემო დებატები სავარაუდოდ მალე არ დამთავრდება, მაგრამ V. pleristaminis-ი და მისი ქარვით დაფარული ნიმუში ახალ გზებს გვთავაზობს, რათა ამოვხსნათ საიდუმლო, რომელიც 100 მილიონი წელია დღის სინათლეს ელოდება.
„დასავლეთ ბირმის ბლოკის გონდვანიდან ტექტონიკური მიგრაციის თარიღები ჯერ დაზუსტებული არ არის, მაგრამ 100 მლნ წლის ასაკის ქარვა, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროსთან დაკავშირებულ ცხოველთა და მცენარეთა ნამარხებს შეიცავს, ამ პრობლემის გადაჭრაში უკვე სერიოზული ფაქტორია“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Journal of the Botanical Research Institute of Texas-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია today.oregonstate.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.