ადვოკატი - საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ
საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შეფარდებოდათ უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შეფარდებოდათ უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები.
გარდა ამისა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მაქსიმალურად თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. მათ ინტერესში შედიოდა აღნიშნულ საქმეზე სიმართლის დადგენა. არც წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი, რომ დაეკავებინათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები“,- განაცხადა ადვოკატმა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.