ადვოკატი კახაბერ წერეთელი აცხადებს, რომ სასტუმრო და სამორინე „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ მუშაობას გააგრძელებს.
ამასთან, სასტუმროს მენეჯმენტის წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს ჟურნალისტებს სასტუმროში შეცვლილი უსაფრთხოების სისტემები აჩვენეს, ირწმუნებიან, რომ საგანგებო სუტუაციათა მართვის სამსახურის 43 რეკომენდაციიდან 41 შეასრულეს.
„დამონტაჟდა სრულიად ახალი სახანძრო გასასვლელები და სასტუმროში, რომელიც ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს, უსაფრთხოება სრულად არის დაცული. დარჩენილი სამუშაოები კი, შეთანხმებისამებრ ეტაპობრივად უნდა დასრულდეს. რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია. სასტუმრო მუშაობას გააგრძელებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი სასტუმროს ექსპლუატაციის შეჩერების თაობაზე, 48 საათში გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. არ ვიცი, რამ გამოიწვია ასეთი დამოკიდებულება, თუმცა შედეგი არის ის, რომ ეს არის ბიზნესისთვის ძალიან დამაზიანებელი, მით უმეტეს, ამ სეზონზე“, – განაცხადა კახაბერ წერეთელმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“, ყოფილი „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. უწყებაში აცხადებენ, რომ გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.