ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა შეწყვიტა
ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა შეწყვიტა

ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა შეწყვიტა. შენობა უკვე დატოვეს როგორც დამსვენებლებმა, ასევე მომსახურე პერსონალმა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სასტუმროში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ბოლო დეტალებს ამოწმებენ. რამდენიმე წუთში სასტუმროს მთავარი შესასვლელი დაილუქება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტუმრო მუშაობას ოფიციალურად შეწყვეტს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ (სასტუმრო „ველმონდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს. ამასთან, დღეს სამსახურის წარმომადგენლებსა და სასტუმროს მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. თუმცა, „ველმონდის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ პრინციპული მოთხოვნაა, სასტუმრო „ველმონდში“ კვამლის გამწოვი სისტემა გაკეთდეს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.