შალვა ხუციშვილი - ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ კვამლის გამწოვი სისტემა გაკეთდეს
შალვა ხუციშვილი - ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ კვამლის გამწოვი სისტემა გაკეთდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, რომ ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ კვამლის გამწოვი სისტემა გაკეთდეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილი აღნიშნული სასტუმროს მიმართ უსაფრთხოების სამსახურის გაცემულ რეკომენდაციებს განმარტავს.

„ყველაზე კრიტიკული ამ რეკომენდაციებიდან არის კვამლის გამწოვი სისტემა, რომლის არასწორი მუშაობის და გაუმართაობის გამო დაიღუპა სასტუმროში დეკემბერში 11 ადამიანი. ჩვენი პრინციპული მოთხოვნა არის, რომ ეს სისტემა გაკეთდეს და თუ გაკეთდა, პროცესი დაიწყება, სხვა რეკომენდაციებთან დაკავშირებით უფრო შერბილებული პოზიცია იქნება და სასტუმროს ფუნქციონირების შესაძლებლობა ექნება. ეს არის პირველი. საუბარია ადამიანებისთვის კრიტიკული საფრთხის შემცველ, კვამლის გამწოვ სისტემაზე, რომელიც უნდა არსებობდეს, რადგან სანამ მეხანძრეები 24-ე სართულიდან ადამიანს გამოიყვანენ, კვამლით არ უნდა გაიგუდოს. სანამ აღნიშნული არ გაკეთდება, რამე რეკომენდაციების შესრულებაზე საუბარი არ არის. სასტუმროს დრო მიცემული ჰქონდა არა სისტემის მოსაწყობად, არამედ მობინადრეებს, სტუმრებს ჰქონოდათ ინფორმაცია და თავად სასტუმროს ადმინისტრაციასაც, რომ სასტუმროს დახურვის დრო დადგებოდა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მან განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ივლისის ბოლოს მიიღო.

„სასტუმროს მენეჯმენტმა ჩვენგანაც და სასამართლოსგანაც იცოდა, რომ ჰქონდათ გარკვეული გონივრული ვადა, სტუმრები აღარ უნდა მიეღოთ და ვინც ჰყავდათ, ორგანიზებულად გაესტუმრებინათ. ეს გადაწყვეტილება ჩვენ გაცილებით ადრე უნდა აღგვესრულებინა, მაგრამ ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით, ტურისტული სეზონის გათვალისწინებით დამატებითი შეღავათი გავუწიეთ. ასე რომ, ამის შესახებ დაახლოებით ორი კვირაა იციან“, – განაცხადა მან.

ხუციშვილის თქმით, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური კარგა ხანია თანამშრომლობის რეჟიმში ცდილობს სასტუმროსთან ურთიერთობას.

„სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენ ეს მუშაობა უკვე დავიწყეთ. არ იფიქროთ, რომ ხვალ მივდივართ და უნდა დავლუქოთ. უკვე მიდის სასტუმროს ადმინისტრაციის, აჭარის მთავრობის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ჩართულობით მუშაობა იმაზე, რომ ადამიანები უმტკივნეულოდ, ნაწილი დღეს, ნაწილი ხვალ სხვა სასტუმროებში გადაიყვანონ და სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს მშვიდ ვითარებაში, ზედმეტი ექსცესების გარეშე. ეს არის ჩვენი მიზანი და ამას მივაღწევთ ისე, რომ არ მოჰყვეს დამატებითი დაძაბული სცენარების განვითარება. იმედი მაქვს, სასტუმროს ადმინისტრაციაც გამოიჩენს კეთილგონიერებას“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრის შედეგად საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

 

დატოვე კომენტარი