მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს
მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს

სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით შენობა, სადაც ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი“ მდებარეობს, სიცოცხლისთვის კრიტიკულად შეუსაბამოა, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიშა ფეიქრიშვილმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ორ დღეში საქმიანობა უნდა შეაჩეროს.

„გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიიღო და სარჩელი სასამართლოშიც შეიტანა. ხანძრის შემთხვევაში, შენობაში სიცოცხლისთვის კრიტიკულად შეუსაბამო გარემოა“, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.

როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სასტუმროს ადმინისტრაციამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტების მიერ ორჯერ გაცემული რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

„საგანგებო სიტუაციების სამსახური კვლავ აძლევს გონივრულ ვადას სასტუმროს და სამორინეს ადმინისტრაციას. პარასკევს, 18:00 საათამდე შენობიდან უნდა გაიყვანონ სტუმრები და შეწყვიტონ საქმიანობა. ეს არის უკიდურესი ზომა, რომელსაც ჩვენი სამსახური თავისი საქმიანობის ისტორიაში, შეიძლება ითქვას, პირველად მიმართავს გამომდინარე იქიდან, რომ დარღვევები, რომელიც სასტუმროში გამოვლინდა, არის კრიტიკულად შეუფერებელი. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ სასტუმროს ადმინისტრაციასთან. დღეს ბოლო შეხვედრა გაიმართა. ეს იყო სამმხრივი შეხვედრა, რომელზეც იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, აჭარის მთავრობისა და სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელ იმ პერიოდში, როცა სასტუმრო დაკეტილი იქნება, სასტუმროს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მომსახურე პერსონალისთვის ხელფასების გაცემას. პერსონალი არ დაზარალდება. აღვნიშნავ, რომ ჩვენი სამსახურის თვითმიზანი არ არის, რომელიმე სამსახურს, სასტუმროს, თუ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს საქმიანობაში ხელი შეუშალოს. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ქვეყანაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების არსებობაზე და ამ კუთხით არსებულ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ ყველა შენობაში, განსაკუთრებით ამ მასშტაბის, 22-სართულიანი სასტუმროს პირობებში ელემენტარული პირობები დაცული იყოს“, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.

მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკთხი, რომელიც ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ დგას, კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებია.

„სასტუმრო მიმდინარე წელს სამჯერ შემოწმდა. სამჯერვე ბუნებრივია, დარღვევები გამოვლინდა. ამ ხნის განმავლობაში, სასტუმროს მენეჯმენტის მხრიდან ვერ მივიღეთ დამაჯერებელი პასუხი, როდის და როგორ აპირებს სასტუმროს ადმინისტრაცია საკითხების მოგვარებასა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებას.ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხი, რომელიც სასტუმროში დგას, არის კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები. როგორც ჩვენი სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნაშია მითითებული, სწორედ ეს გახდა ერთი წლის წინ იმ ფატალური შედეგის მიზეზი, რომლის მოწმეც გავხდით. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, სასტუმროში არსებული მდგომარეობა არ უტოვებს შანსს იქ მყოფ ადამიანებს, მოახდინონ სწრაფი ევაკუირება და გადაარჩინონ სიცოცხლე“, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს.