ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმიანობის შეჩერებაზე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის გადაწყვეტილება უცვლელია
ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმიანობის შეჩერებაზე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის გადაწყვეტილება უცვლელია

ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის გადაწყვეტილება არ იცვლება და ობიექტმა მუშაობა ხვალ, 18:00 საათამდე უნდა შეაჩეროს.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლებისა და სასტუმროს მენეჯმენტის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

„აქ არ შეიძლება ვისაუბროთ შედეგებზე ან უშედეგო მოლაპარაკებაზე, ჩვენ ვასრულებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და თუ გვინდა სამართლებრივ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ხვალ 18:00  საათზე სასტუმრო უნდა შეწყვიტოს საქმიანობა. მათ დიდი დრო ჰქონდათ ხარვეზების გამოსასწორებლად, დღემდე არაა სასტუმროში კვამლსაწინააღმდეგო სისტემა, კაზინოს ორ დარბაზში არ არის ხანძრის ავტომატური ჩამქრობი, არ არის საევაკუაციო კიბეები და მოუგვარებელია სხვა პრობლემებიც“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სახანძრო ზედამხედველობის პოლიტიკის მართვის სამმართველოს უფროსმა, ზურაბ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სასტუმრომ დახურვიდან 10 დღის განმავლობაში უნდა მოამზადოს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს.  ამასთან, დღეს სამსახურის წარმომადგენლებსა და სასტუმროს მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.